საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთთან არაფერი დაუთმია.
გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გამო სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც რვა ადამიანი იმყოფებოდა, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანცის ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა.
რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს", - იუწყება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
თბილისის მერის, კახა კალაძემ განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ევროინტეგრაციის „მნიშვნელოვანი მხარდამჭერია“.
ვურჩევ ქალბატონ პრეზიდენტს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას - ნუ მოაწერს ხელს (შეწყალებას), მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საარჩევნო თუ საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ იქ, საიდანაც მოვიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და შეწყალებაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუ არ ამბობს რომ ვინმეს იწყალებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ახალი ანგარიშის თანახმად, ავღანეთში სასუნთქი გზების დაავადებებს ემსხვერპლა ხუთ წელზე ნაკლები ასაკის 2000-მდე ბავშვი და ეს პრობლემა შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს ფინანსების დეფიციტის გამო, რომელიც არის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში.
11 დეკემბრით დათარიღებული ანგარიშის თანახმად, წლის დასაწყისიდან მიმდინარე თვემდე, სავარაუდოდ რესპირატორული დაავადებების შემთხვევებმა ავღანეთში გადააჭარბა 1,2 მილიონს - რაც სამჯერ დიდი მაჩვენებელია წინა სამი წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.
საერთო ჯამში, ინფექციებს ემსხვერპლა 2,513 ადამიანი, მსხვერპლის 80 პროცენტზე მეტი ხუთ წლამდე ბავშვები არიან.
WHO-ის თანახმად, დაავადებულთა რაოდენობის გაზრდა, სავარაუდოდ, გამოიწვია ჰაერის დაბალმა ტემპერატურამ და ორგანიზაციის შესაძლებლობამ, უკეთ დააკვირდეს დაავადებების გავრცელებას ავღანეთში.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე შეცდომა იქნებოდა და რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს იმისგან დამოუკიდებლად, ექნება თუ არა ამაში საერთაშორისო მხარდაჭერა.
„ისრაელი გააგრძელებს ‘ჰამასის’ წინააღმდეგ ომს საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე. ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა საჩუქარი იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაცია ‘ჰამასისთვის’, რაც მას საშუალებას მისცემს დაბრუნდეს და საფრთხე შეუქმნას ისრაელის მოსახლეებს“, - თქვა მან.
კოენმა საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდა „ეფექტიანად და აგრესიულად“ მოქმედებისკენ, რათა დაიცვან გლობალური საზღვაოსნო გზები.
13 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას, რომლის შესრულება არ არის სავალდებულო, 153-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. საქართველომ კენჭისყრისგან თავი შეიკავა.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2024 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი იქნება "თბილისი - ევროპული ქალაქი". ზუსტად ამ წარწერას ამონტაჟებდნენ რამდენიმე დღის წინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან. საახალწლო სლოგანი გასულ წლებშიც აქ იყო ხოლმე გამოფენილი.
გასულ წლებში დედაქალაქის საახალწლო სლოგანები იყო:
- 2018 წელს - სიცოცხლით სავსე ქალაქი;
- 2019 წელს - სიყვარულით სავსე ქალაქი;
- 2020 წელს - ისტორიით სავსე ქალაქი;
- 2021 წელს - სოლიდარობით სავსე ქალაქი;
- 2022 წელს - გვიყვარდეს ერთმანეთი;
- 2023 წელს - მშვიდობის ქალაქი.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს გზავნის.
ამასთან, NDI-ის მონაცემებით, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს, მათივე განმარტებით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებშია.
აღსანიშნავია, რომ NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. შესაბამის კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 62%-მა გასცა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ განმარტავს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა - აღნიშნულ მიზეზებს შესაბამისად გამოკითხულთა 65% და 56% ასახელებს.
ამასთან, უმრავლესობა, 80 პროცენტი, მიიჩნევს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
ბრიანსკის სკოლის მერვეკლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. დაიღუპა მისი კლასელი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაჭრილია კიდევ ოთხი მოსწავლე, ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევა ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, სკოლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა. იუწყებიან, რომ იარაღი მამამისს ეკუთვნოდა.
გამოცემა "7x7" სოციალურ ქსელში ადგილობრივების პოსტების მიხედვით წერს, რომ მოსწავლემ სკოლაში დააგვიანა, კლასში შესულმა კი ხუთჯერ ისროლა. მის მოტივებზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ტელეგრამის არხზე ადგილობრივები წერენ, რომ გოგო თანაკლასელების მხრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ბულინგის მსხვერპლი. კლასელებს შორის კონფლიქტის ვერსიას განიხილავენ სამართალდამცველებიც.
სკოლიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და პედაგოგები, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. შენობა შემოსაზღვრულია და ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ, საქმე აღიძრა მკვლელობის მუხლით.
პოლიციამ დააკავა თავდამსხმელის მამა, რომელსაც ამჟამად კითხავენ.
