"არც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მეტისმეტად დათბობა გვაწყობს და არც ფართომასშტაბიანი ომი"
არაერთი მუქარისა და ბრალდების შემდეგ, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 6-საათიანი მოლაპარაკების შემდგომ სირიის იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი მესუთ ხაკი რუსეთს სასტიკი შურისძიებით ემუქრებოდა სირიაში საჰაერო დარტყმების გამო, რასაც 33 თურქი სამხედრო შეეწირა.
- სოჭის და ასთანას შეთანხმებების შესაბამისად, თურქეთის, რუსეთისა და სირიის ჯარები იდლიბის ჩრდილოეთში ერთობლივად პატრულირებდნენ. თურქეთის შეიარაღებული ძალები იდლიბის ჩრდილოეთ ნაწილსა და თურქეთის საზღვრის მიდამოებში იდგნენ. ეს სტატუს კვო დიდხანს შენარჩუნდა. შემდეგ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ლიბიის გამო დაიძაბა. ლიბიის დღევანდელ ხელისუფლებას მხარს უჭერს თურქეთი, რუსეთი კი ზურგს უმაგრებს ამბოხებულ მარშალ ხაფთარს. მოსკოვში გამართული მოლაპარაკება ხაფთარმა დატოვა, ლიბიაში გაემგზავრა და საბრძოლო მოქმედება განაახლა. ამას ხაფთარი კრემლის წაქეზების გარეშე ვერ გაბედავდა. ლიბიის შემდეგ თურქეთსა და რუსეთს შორის ვითარება სირიის ჩრდილოეთ ნაწილშიც დაიძაბა. მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო - რუსული და თურქული ინტერესები ისევ დაეჯახა ერთმანეთს. მე ამას ჯერ კიდევ მაშინ ველოდი, როცა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობა დაიწყო. 2015 წლიდან ამ ორმა მოთამაშემ ურთიერთსაპირისპირო ინტერესების "თაროზე შემოდება" მოახერხა, გადადებული პრობლემები კი თავისით არასდროს გვარდება. პარტნიორული ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მათი დროდადრო განხილვა. რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა? სტრატეგიულ პარტნიორებს ერთმანეთთან ან არა აქვთ პრეტენზიები, ან პრეტენზიები მინიმალურია. რუსეთსა და თურქეთს ერთმანეთთან პრინციპული პრეტენზიები ჰქონდათ. შესაბამისად, პირველივე რთულ სიტუაციაში "თაროზე შემოდებული" პრობლემები აქტუალური გახდა. დღეს თურქეთისთვის მიუღებელია იდლიბისა და სირიის ჩრდილოეთ ნაწილის დატოვება, რუსეთს კი სურს ამ რეგიონში ერთადერთი დომინანტი იყოს.
- ბოლო ბრიფინგზე პუტინსა და ერდოღანს სტრატეგიული ურთიერთობა აღარ უხსენებიათ, რაც ცხადყოფს, რომ ურთიერთობა გაუცივდათ. რა გვაწყობს ჩვენ? ცოტა უხერხული სათქმელია, რომ დაძაბულობა, ომი ხელს გვაძლევს. თუმცა არც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მეტისმეტად დათბობა გვაწყობს და არც ფართომასშტაბიანი ომი. დღევანდელი ვითარება, ანუ დაბალი ინტენსივობის დაძაბულობა ნამდვილად გვაძლევს ხელს.
სიახლეები
- “გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში” - შალვა პაპუაშვილი
- “პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ - სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები - ბრძოლა ბოლომდე!” - გიორგი ახობაძე
- რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ცემენტმზიდი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
- “მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა” - გიორგი გახარია
- „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს