საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია China Southern-მა ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 4-დან 7-მდე გაზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას და საქართველოს ავიაბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას.
მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა - დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.
მივმართავ პრეზიდენტს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, რომ პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება, რომ ეს პრობლემა აღარ დადგეს, - ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი,ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას, რომელმაც სამეცნიერო ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ დღეს, 30 მაისს, სარაკეტო შეტევა იყო ყირიმზე. კონკრეტულად რომელ რაიონში და რა იყო სამიზნე, სამინისტრო არ ასახელებს, თუმცა ირწმუნება, რომ აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე „კიევის რეჟიმს“ გაუნადგურეს რვა ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ი, შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ყირიმის სანაპიროსთან გზად დაიჭირეს რვა უპილოტო საფრენი აპარატი და გაანადგურეს ორი უეკიპაჟო კატერიც. უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. 30 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ შიდა და საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ კანონის მოქმედების შესაფერხებლად. ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებენ.
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა.
