ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.
უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გუშინდელი დღიდან ყველაზე თვალსაჩინო გიგა ბოკერიას მიდგომა იყო პოლიტპატიმრების ცნების მიმართ, რასაც სხვებიც იზიარებენ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრეგორი კარასინი ტვ იმედთან საუბარში ამბობს, რომ ქართული საზოგადოების მღელვარების გამო, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი არ ჩამოვა თბილისში 14-15 მაისს, ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.
დღევანდელი უცხოური მასმედია საკმაოდ მდიდარია საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მასალებით:
“ჯერ ამბობენ 4 აპრილი, მერე იტყვიან 5 მაისს, შემდეგ ივნისს და მოვა ოქტომბრის არჩევნებიც. ვფიქრობ, ოპოზიციის ლაპარაკი ფართმასშტაბიან აქციებთან დაკავშირებით მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია. ამ მეთოდებით ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. რა ნაბიჯებს გადადგამს წინასაარჩევნოდ “ოცნება”, არ ვიცი, შეიძლება ისეთი შეთავაზება გააკეთოს, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნოს” - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოსა და ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსებს მომავალ არჩევნებში პოლიტოლოგი იგორ კვესელავა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოპოზიცია ამ მეთოდებით ივანიშვილს ვერ დაამარცხებს” - იგორ კვესელავა.
“შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტი გახსნას. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია - აქ მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლის შეზღუდვის გამო საკვების და მედიკამენტების დეფიციტი აქვთ. ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისთვის კი გაუგებარია, ეს საკითხი ხელისუფლებამ რატომ არ დააყენა ერგნეთის შეხვედრების დროს, რაზეც სამინისტროში “რეზონანსს” უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდეს და საკითხი დააყენეს ასევე ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზე... ზაქარეიშვილის თქმით, “გამშვები პუნქტის” დაკეტვა, წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებამ გამოიწვია და მისთვის გაუგებარია, რა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ამ ტერიტორიაზე საგუშაგოს დატოვება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია - რეჟიმი ქსნის ხეობის მოსახლეობას ისევ შანტაჟისთვის იყენებს.
