"დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს"- მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს ერთიდან სამ წლამდე.

„უკანასკნელ დღეებში, განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს უმძიმესი დაავადება უკვე დიდი ხანია რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს არის მედიკამენტის უსაფრთხოება და მედიკამენტის ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელზეც გამართლებულია ღიად და საჯაროდ საუბარი, ჩვენ მაინც მიგვაჩნია ვალდებულებად, რომ საკითხის ირგვლივ საზოგადოებას საჯაროდ მივაწოდოთ ინფორმაცია. მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დროს, როცა თემის ირგვლივ გახშირდა საკითხის პოლიტიზების მიზნით ე.წ. ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების განზრახ ან მართლაც დილეტანტობითა და არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება, რომლის პოპულარიზაციაზეც ზრუნავენ პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული სუბიექტები. ჩვენ ყველაფრის ღიად თქმისგან შეგნებულად კვლავ შევიკავებთ თავს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ თემაზე გამართულ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული ხისტი პოზიციისა: „ან წამალი, ან არაფერი“, ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულს მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები. ვემუშავებით ასევე დარგის სპეციალისტებს. სამინისტრო ინტენსიურად გააგრძელებს ამ მუშაობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელად და ყველა სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამიერად საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის შესახებ. ამრიგად, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება.

დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს ერთიდან სამ წლამდე“,- განაცხად სარჯველაძემ.

წაკითხვა 95 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.