,,ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ"- კახა კალაძე
ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად და ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ. მზად ვართ ვისაუბროთ, თუკი რაიმე გამოსასწორებელია, გვითხარით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, – ამის თაობაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა 11 ივნისს ევროკომისიაში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ საკითხით ქვეყნის შანტაჟი კვლავაც გრძელდება.
„შანტაჟი გრძელდება ჩვეულებრივად და წარმოუდგენელია ევროინტეგრაციის პროცესით მუდმივად აშანტაჟო ქვეყანა.
ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, თუმცა ვიღაცამ ზემოდან თითი გვიქნიოს, მუდმივად შეურაცხყოფა გვაყენოს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არ ვიცი, ტექნიკურ შეხვედრაზე საუბარი რაზე იქნება, თუმცა ვისმენთ იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული“ – განაცხადა კახა კალაძემ.
რეკომენდაციებზე საუბრისას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.
„როდესაც საუბარია რეკომენდაციებზე, მაგალითისთვის, იყო მოწოდებები, თითქოს გამჭვირვალობის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს და უნდა იყოს გაუქმებული. თუ მოგისმენიათ ერთი კონკრეტული განმარტება, რატომ არის აღნიშნული კანონმდებლობა პრობლემური და რატომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს? არანაირი განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით არ ყოფილა, მეტიც – ევროპული ქვეყნები თავად საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება თავიანთ ქვეყნებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
„ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, არ უნდა მომიწოდო ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც დამანგრეველი, დამღუპველი და დამაზიანებელი იქნება ჩემი სამშობლოსთვის. როდესაც ამ ტიპის მოწოდებებს აკეთებ, ეს მეგობრობა არ არის, როდესაც მოგიწოდებენ და რეზოლუციებს იღებენ, რომ შეუერთდე სანქციებს, რომლებიც დამაზიანებელი იქნება შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, როდესაც მოგიწოდებენ გახსნა მეორე ფრონტი, ეს მეგობრობა არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც იმიტომ არ გააუქმებს, რომ ეს საკითხი მუდმივად შეინარჩუნოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად"- ეკა სეფაშვილი
- ,,დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონი რუკაზე ვერ ნახავს, სად არის საქართველო"- კახა კალაძე
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა
- შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
- ,,ჟურნალისტის მხრიდან წესების დარღვევის პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით, მეორე ჯერზე კი ერთ წლამდე ვადით შეჩერდება" – შალვა პაპუაშვილი
