June 9, 2026

"მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!' - ვახტანგ ძაბირაძე

“ჯერჯერობით მმართველი გუნდი მაინც ცდილობს თავისი გაიტანოს და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამერიკამ უკან დაიხია, რომ ტრამპის პოლიტიკა განსხვავდება ბაიდენის, ანუ წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან და სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ. რამდენად გამოუვათ, სხვა საკითხია, თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილება არ არის... როდესაც ამერიკის მხრიდან, თუნდაც მინიშნებით, სახელდება ტრიო - რუსეთი, ირანი და ჩინეთი, ფაქტობრივად, შეგვიძლია ეს სამი ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეთა ბანაკად განვიხილოთ, განსაკუთრებით ლავროვის იმ განცხადების შემდეგ, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომი გახდა. ეს ეხება როგორც თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე, ისე სამივეს ერთობლივად. ამიტომ “ოცნების” პრობლემები აბსოლუტურად სხვა სიბრტყეშია. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აქ ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდება და სუვერენული ავტოკრატია იარსებებს.

ამ სუვერენიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან “ოცნების” დღევანდელი პოლიტიკა არა მხოლოდ ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის, არამედ პოლიტიკურ ოპოზიციასა და დასავლურ სამყაროს სუვერენულ ავტონომიად არ მიიჩნევს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა მოხდება შემოდგომით და მოსალოდნელია თუ არა მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!

“შესაბამისად, ის სუვერენიტეტი, რომელზეც ხელისუფლება ასე ხშირად საუბრობს, მათ რეალურად არა აქვთ, რადგან ამ შემთხვევაში მათი სიუზერენები სწორედ აღნიშნული სამეულის წარმომადგენლები არიან. ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ის, შეძლებს თუ არა ამერიკა ავტოკრატიული რეჟიმების ატანას. როგორც ამბობენ, თუ აშშ-მა ეს აზერბაიჯანში შეძლო, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი მაინც სუვერენული სახელმწიფოა და თუ იქ ვინმეს გავლენაზე ვსაუბრობთ, გაცილებით ძლიერია თურქული გავლენა, ვიდრე რუსული. ამიტომ აზერბაიჯანის შემთხვევა მისაღებია, ხოლო საქართველოს სიუზერენად რუსეთის არსებობას ამერიკა, რა თქმა უნდა, ვერ დაუშვებს... თუ საგარეო ორიენტაცია იცვლება, იცვლება ქვეყანაში არსებული ვითარებაც, რადგან ეს პროცესები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. საგარეო ვექტორის შეცვლა ბუნებრივად გამოიწვევს საშინაო პოლიტიკის ცვლილებასაც. ამ შემთხვევაში საგარეო ვექტორის შეცვლა დასავლეთისკენ კურსის აღებას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" დასავლეთში მიღებულ დემოკრატიულ ღირებულებებზე უნდა გადავიდეს, ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც მმართველმა გუნდმა ბოლო პერიოდში მიიღო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“საია-ს გათვლებით, კანონმდებლობაში, როგორც მახსოვს, 100-ზე მეტი შესწორება შევიდა იმისთვის, რომ ის უფრო რეპრესიული გამხდარიყო და დღეს კანონმდებლობა მართლაც ასეთია. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგება ამ რეპრესიული კანონმდებლობისა და საარჩევნო კოდექსის გაუქმება. ასევე, პირველივე საკითხი სინდისის პატიმრების გამოშვება იქნება. ეს უკვე ნიშნავს, რომ ავტორიტარიზმზე, უნდათ თუ არა, უარის თქმა მოუწევთ და პროცესები დემოკრატიული განვითარების მიმართულებით წავა. შესაბამისად, საგარეო ვექტორის შეცვლა არ ნიშნავს მხოლოდ საგარეო პოლიტიკის გადახედვას - ის აუცილებლად ითვალისწინებს საშინაო პოლიტიკის შეცვლასაც. სანამ ხელისუფლება ძალიან აშკარად არ დაინახავს, რომ უკრაინაში პროცესები ისე არ წავიდა, როგორც კრემლისთვის არის მისაღები, ან ირანში მიმდინარე პროცესები ამერიკის სასარგებლოდ არ გადალაგდა, მეეჭვება, რაიმე დათმობაზე წავიდეს. ვფიქრობ, შემოდგომამდე ეს საკითხი, ალბათ, არ დაიძვრება. ამიტომ ხელისუფლების დღევანდელი მიზანია გაახანგრძლივოს ეს პროცესები, იქნება ეს გარდატეხა თუ საგარეო კურსის შეცვლა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხელისუფლება ცდილობს მომხრეებისთვის მაინც პროპაგანდისტულად შექმნას ისეთი ვითარება, თითქოს ამერიკასთან ურთიერთობა უმჯობესდება. ეს ხდება მაშინ, როცა მარკო რუბიომ მკაფიოდ ისაუბრა დღევანდელ “ქართულ ოცნებაზე” - უფრო მკაფიოდ რა უნდა ეთქვა, არ ვიცი. თუმცა საპასუხოდ მას ყრუ კედელი დახვდა - ითქვა, რომ რუბიო არ იტყუება, მაგრამ მაინც იტყუება. სხვაგვარად კობახიძის კომენტარს რუბიოს განცხადებაზე ვერ შეაფასებ. ხელისუფლება შეეცდება ასეთი ილუზიის შექმნას, რადგან თუ ამერიკასთან სიტუაცია ვერ დალაგდა და ეს საჯაროდ ითქვა, კატასტროფული ვითარება შეიქმნება და მათთვის ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ოპოზიციის ფლანგზე არსებული ვითარების ფონზე, პრობლემების მოგვარება, თუნდაც დემოკრატიის თვალსაზრისით, იმდენად არ უჭირს, რამდენადაც ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, როდესაც საუბარი დაიწყო იმაზე, თუ რა შედეგი მოიტანა ბოიკოტმა, კი, შედეგი ნამდვილად მოიტანა, მაგრამ როდესაც მიზანი უკვე მიღწეულია ამ პროცესის ისევ გაგრძელება რამდენად სწორია, არ ვიცი. ვგულისხმობ 2024 წლის ბოიკოტს, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში ისევ ბოიკოტის თემის წამოწევა უკვე უშედეგო იყო. ჩემი აზრით, ამან ქვეყანაში პოლიტიკურ და ოპოზიციურ გაძლიერებას უფრო მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე დადებითი შედეგი”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.

“2024-ში ბოიკოტმა ის მოიტანა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, როგორც რუბიომაც თქვა, ფაქტობრივად, არალეგიტიმურია და არჩევნები არ ჩატარებულა. ეს არის დასავლური შეფასება და სწორედ ეს შედეგი მოიტანა ბოიკოტმა. თუმცა გასულ წელს ადგილობრივმა არჩევნებმა ის შედეგი მოიტანა, რომ ოპოზიციური ტალღა კი არ გაძლიერდა, არამედ დასუსტდა. სამწუხაროდ, დასუსტება დღემდე გრძელდება, რადგან ვეღარავინ გაერკვა, რა ხდება. არჩევნების ბოიკოტი არ არის პროტესტი, პროტესტი შედეგებმა უნდა გამოიწვიოს. ერთია შედეგის გაპროტესტება და სულ სხვაა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა. ქართულმა ოპოზიციამ ეს რაღაცნაირად უნდა გააცნობიეროს და თუ ვერ გააცნობიერებს, მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ ადგილობრივ არჩევნებში, როდესაც ის ქალაქები, სადაც ოპოზიციური ამომრჩეველი გაცილებით ჭარბობს “ქართული ოცნების” ამომრჩეველს, ოპოზიციამ ყოველგვარი ბრძოლის გარეშე დათმო. ეს არის პრობლემა. პრობლემაა ის, როცა ოპოზიცია დროისა და არსებული ვითარებიდან გამომდინარე არ აფასებს მოვლენებს და ამოჩემებული გზით, ერთი და იმავე მიმართულებით მიდის და უნდა ეს ვინმეს თუ არა, ფაქტობრივად, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ხელისუფლების საყრდენი არა მოსახლეობა, არამედ ძალოვანი სტრუქტურებია, ამ სტრუქტურებთან დაპირისპირება კი დღეს ვერ ხერხდება. ამასთანავე, პოლიტიკური ოპოზიცია ფრაგმენტირებული, სუსტი და ერთმანეთის კინკლაობას გადაყოლილია. თუ ივანიშვილმა მთელი საქართველო იყიდა, უნდა ვიფიქროთ, რომ ოპოზიციაშიც იყიდდა ერთ-ორ კაცს. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად არ არის სტერილური კორუფციისა თუ ქრთამების მიმართ, პირიქით, ამიტომ გარკვეულ ქმედებებს ამ ეტაპზე ისეთი შედეგი არ ექნება, როგორიც უნდა ჰქონდეს. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იცით, რა არის მთავარი პრობლემა და რას ვერ ხედავს “ოცნება”? იმას, რომ ჩვენი პარტნიორები შეიძლება უფრო რადიკალურ ზომებზე წავიდნენ. რადიკალურ ზომებში ვგულისხმობ იმას, რომ ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იქ არალეგალურად არის. რა მოხდება მაშინ, თუ უვიზო რეჟიმის შეჩერებას კი არა, პირდაპირ არალეგალების გამოსახლებას დაიწყებენ ჩვენი პარტნიორები? დღეს ისედაც რთული ვითარებაა. ოპოზიციას თავისი ვიწრო წრის მიღმა, საზოგადოებაში საშუალო დონის მხარდაჭერა მაინც რომ ჰქონდეს, ხელისუფლება ძალიან მძიმე დღეში ჩავარდებოდა. ის, რომ ოპოზიციას დღეს მხარდაჭერა არა აქვს, რაც არ უნდა ხელისუფლებას აბრალოს, თავად ოპოზიციის ბრალია”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ეს არის საზოგადოების იმ ნაწილის ბრალიც, რომელსაც ვერ გაურჩევია და, მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებებზე ლაპარაკობს, წინა ხელისუფლება დღეს მისაღებად მიაჩნია. აი, ეს არის დღეს პრობლემა, რომელსაც “ოცნება” დიდი ხანია იყენებს და კვლავაც გააგრძელებს გამოყენებას. როდესაც ოპოზიციაში, მაგალითად, სააკაშვილი თავს ესხმის მელიას და ცდილობს გახდეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი მაშინ, როცა ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ ორ მესამედს ის მიუღებლად მიაჩნია, ივანიშვილი ოპოზიციის სასარგებლოდ ნაბიჯს რატომ გადადგამს? ის ამას არც აკეთებს. ამიტომ ჩვენი საზოგადოება, თუ მართლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, არამედ სახელმწიფო ნორმალურ დემოკრატიულ პრინციპებზე ავაშენოთ, ცოტა მეტად უნდა გამოფხიზლდეს. თუ პროცესი ისე გაგრძელდა, როგორც დღეს არის, არა მგონია, რაიმე სერიოზული მოხდეს. კაცმა რომ თქვას, ამისთვის არც ოპოზიციაა მზად, არც საზოგადოება და არც ხელისუფლება. პროცესი ასე მდორედ განვითარდება და შემოდგომამდე არაფერს ველოდები. შემოდგომისთვის, თუ საგარეო ფაქტორების ზემოქმედება გაძლიერდა, მაშინ შეიძლება კიდევ იყოს რაღაც ძვრები პოლიტიკურ სივრცეში, მათ შორის უშუალოდ “ქართულ ოცნებაშიც”, - ამბობს ანალიტიკოსი.

“თუ კურსი იცვლება, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები მაშინ შეიძლება ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში, არა მგონია, დაინიშნოს. შეიძლება გარკვეულ მომენტში “უზენაესმა მსაჯულმა” და ქვეყნის პატრონმა კობახიძე და მისი ჯგუფი ძალაუფლებას ჩამოაშოროს, მაგრამ ახლა უფრო შორს რატომ წავა და აუტკივარ თავს რატომ აიტკივებს? თუ უცებ ყველამ გადაწყვიტა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, ეს ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის. თუ ასე მოხდება, შედეგები უნდა გააყალბონ, ეს კი ზედმეტი თავსატეხია და რაში სჭირდებათ? აი, თუ საგარეო კურსი შეიცვლება, მაშინ დასჭირდებათ არჩევნები, რადგან სხვანაირად ვერ შეცვლიან. სხვა შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ველოდები. მაქსიმუმ, გარკვეულ მომენტში კობახიძე და მისი ჯგუფი ჩამოაშორონ ძალაუფლებას და მეტი არაფერი. ასეთ დროს წინა პლანზე სხვა ფიგურა უნდა გამოვიდეს. ჩვეულებრივ, ასე ხდება ხოლმე - ერთი და იგივე პირი ვერ იქნება რეპრესიულიც და შემწყნარებელიც, ავტორიტარიც და დემოკრატიც. მიუხედავად ამისა, დღეს ისინი სწორედ ამის შეთავსებას ცდილობენ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “სომხეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები...” - პასუხობს:

“ ძალიან კარგია, არჩევნები რაიმე სერიოზული გართულებების გარეშე რომ ჩატარდა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული ამ არჩევნების შედეგებით. ეს ოფიციალურ დონეზეც ითქვა. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს პერიოდი და ვიცით, რომ ასეთ სიტუაციებში რუსეთი მიმართავს ძირითადად ეკონომიკურ სანქციებს. გარდა ამისა, გიუმრის ბაზა არის რუსეთისთვის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა კავკასიაში და, თუ სომხეთში ფაშინიანმა ის პოლიტიკა გააგრძელა, რაზედაც დღეს ლაპარაკობს, რუსეთი იძულებული იქნება გაიყვანოს გიუმრის ბაზიდან თავისი შეიარაღებული ძალები, რაც მისთვის კავკასიის სრულად დათმობას ნიშნავს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ფაშინიანმა უპრობლემოდ შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთში დასავლეთის პოზიციები გაძლიერდება, რაც, ბუნებრივია, იმოქმედებს საქართველოზეც. ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში, კავკასიის პოლიტიკა მთლიანობაში უფრო პროდასავლური გახდება, მიუხედავად იმისა, “ქართული ოცნება” რა პოზიციას დაიჭერს. ეს პროცესები მისცემს დასაბამს საქართველოში პროტესტის ახალ ტალღას და ბევრი თემა შეიძლება სხვანაირად იქნეს გადააზრებული...”

წაკითხვა 110 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.