“პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი

“სკეპტიკურად ვუყურებ მოლოდინს, რომ პატრიარქის რეკომენდაციით ვინმეს შეიწყალებენ. ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ყოველთვის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და მისთვის ეკლესია რეალურად ავტორიტეტს არ წარმოადგენს. მეტსაც გეტყვით: როგორც ჩანს, ამ პატრიარქის არჩევით ერთგვარად დასრულდა ძალაუფლების აბსოლუტის მოპოვების პროცესი.

ეკლესია იყო ინსტიტუტი, რომელიც მეტ-ნაკლებად არსებობდა ხელისუფლების კონტროლის მიღმა, დღეს კი ეს ინსტიტუტი მთლიანად კონტროლირებადია. ეს არ ნიშნავს, რომ შიო III მაინცდამაინც მათი პირად კონტროლქვეშაა, მაგრამ მას არ გააჩნია რეალური ოპონირებისთვის საჭირო ავტორიტეტი და იძულებულია, ჩაეწეროს იმ სისტემაში, სადაც ერთი პირი ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას. სიმბოლური იყო, როდესაც აღსაყდრების ცერემონიისას პატრიარქმა იკითხა, ბატონი ბიძინა აქ არისო? როცა გაიგო წასული იყო, ვფიქრობ, ერთგვარად ამოისუნთქა კიდეც. ბიძინა იქ რომ ყოფილიყო, პატრიარქს უნდა მოეფიქრებინა როგორ დაეწყო სიტყვა, რადგან მანაც კარგად იცის, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანაში პრინციპში არაფერს წარმოადგენენ”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს”.

“დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ცდებს მე ცდებს ვერ დავარქმევდი. ეს უფრო ერთგვარი იმიტაციაა, რომელსაც ორი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი მიზანია, საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, გააჩინონ ილუზია და იმედი, რომ აი, ამერიკასთანაც გავაუმჯობესებთ ურთიერთობას და ევროპასაც ჩვენს ჭკუაზე გადმოვიყვანთო. პროპაგანდისტულად ცდილობენ დატოვონ განცდა, თითქოს ყოველივე ამის მოგვარება შეიძლება. თუმცა რეალურად ურთიერთობების დარეგულირება რიტორიკით კი არა, კონკრეტული ქმედებებით ხდება, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს. მეორე მიზეზი ის არის, რომ რუსეთი სუსტდება და იბადება კითხვა: მასზე მიბმა რამდენად სასარგებლო იქნება მათივე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის? რადგან რუსეთი, როგორც მფარველი, შეიძლება აღარ აღმოჩნდეს საკმარისი. დღეს ბიძინა ივანიშვილი ერთგვარი დილემის წინაშე დგას, როგორ გააგრძელოს მართვა: გააგრძელოს რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციის ის პროცესი, რომელსაც წლების განმავლობაში მეთოდურად ვუყურებთ (იქნება ეს ეკონომიკური ინტეგრაცია, მიგრაციული ექსპანსია თუ საინფორმაციო ველის ათვისება), თუ აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიის მშენებლობა დაიწყოს, რომელიც ცდილობს აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა და გარკვეულ გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე დაყრდნობით შეიძინოს სუბიექტურობა საერთაშორისო ასპარეზზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ჩემი შეფასებით, ახლა საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ მოდელზე გადასვლას ცდილობს. თუმცა ბიძინას პუტინის იმდენად ეშინია, რომ ასეთ მარტივ გათამაშებასაც ჯერ ვერ გაბედავს - ის ელოდება, რომ პუტინი კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს. ეს ქაოსი, როდესაც, ერთი მხრივ, ვითომ აუმჯობესებენ ურთიერთობებს, ხოლო, მეორე მხრივ, ლანძღვას აგრძელებენ, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ სტრატეგიაზე ვერ ჩამოყალიბდნენ: გააგრძელონ რუსეთის იმპერიისკენ სვლა თუ დამოუკიდებელი ავტოკრატია ააშენონ. ჩემი აზრით, ამ უკანასკნელს პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ჩვენ არა გვაქვს ისეთი ბუნებრივი აქტივები, რითაც შეიძლება მსოფლიოსთან ვივაჭროთ, და არც თურქეთის სახით გვყავს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ბოჭორიშვილის განცხადება სრულიად გასაგებია - რუსეთისგან საფრთხე მართლაც გვემუქრება და ვითარების მეტისმეტად გამწვავება მართლაც არ არის საჭირო. ზუსტად იმავენაირად შეეძლოთ მოქცეულიყვნენ ომის დასაწყისშიც, რაც მოლდოვამ გააკეთა, ეს ყველასთვის გასაგები იქნებოდა და მათგან მეტს არავინ მოითხოვდა, მაგრამ პრობლემა ის არის, ეს ყველაფერი დასავლეთის დემონიზაციის ფონზე ხდებოდა, თითქოს დასავლეთი ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა. დასავლეთთან პირდაპირ რომ ეთქვათ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვშვრებით ამასო, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ რეალური პოლიტიკა ასეთი არ ყოფილა. თუმცა არა მგონია, რამე მნიშვნელოვნად ან დღეს შეიცვალა, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი ასე ამბობს, იქით ზარქუა რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს, პაპუაშვილი კი ისევ აგრძელებს დასავლეთის დემონიზაციას. ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების საფუძველზე. ცივილიზებული სამყარო გარკვეულ წესებს ემყარება, საქართველოს ხელისუფლება კი ამ წესებზე უარს ამბობს. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტაციაა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, დღეს კი რეალური ძალა ხალხშია და არა ოპოზიციურ პარტიებში. იმისათვის, რომ ხელისუფლება აიძულო კომპრომისზე წავიდეს, პირველ რიგში, ხალხის ნდობა უნდა მოიპოვო - ხალხმა შენ უნდა გაღიაროს ლიდერად. ჩვენ ვნახეთ თვეების განმავლობაში მიმდინარე აქციები, მაგრამ ამ ხალხს არც ერთი პოლიტიკური პარტია თავის ლიდერად არ უღიარებია. პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივი ომია, სადაც ჯარი უნდა ენდობოდეს სარდლობას. არ არსებობს პრეცედენტი, რომ სარდლის გარეშე რომელიმე არმიას ომი მოეგოს. პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც სარდლობის პრეტენზია აქვთ, ხალხი პატივს არ სცემს და ლიდერებად არ მიიჩნევს. მათ არც სტრატეგია გააჩნიათ, არც ტაქტიკა და არც ავტორიტეტი. ისინი მხოლოდ იმის მტკიცებით შემოიფარგლებიან, რომ ხელისუფლება ცუდია, რაზეც ხალხი პასუხობს: “კი ბატონო, მაგრამ თქვენ ვინ ხართ?” ამ აუცილებელ სამუშაოს ოპოზიცია არ ასრულებს, რაც პირდაპირ ბიძინას თამაშია”, - ამტკიცებს გია ხუხაშვილი.

“როგორც კი რეალური ლიდერი გამოჩნდება, საქართველოში ვითარება ერთ დღეში შეიცვლება. ოპოზიცია კი ამბობს, ვინც გამოგვყვება, გამოგვყვესო, მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის. თავიანთი უშედეგო ტივტივით ისინი სხვებსაც უხერგავენ გზას. ფაქტობრივად, ამ ნეგატიურ სპირალში პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც არის, რადგან ისინიც ამ თამაშის წესებს მიჰყვებიან. დღეს რომ ოპოზიციურ ფლანგზე მართლაც გამოჩნდეს ლიდერი, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიციური პარტიები დაუპირისპირდებიან... გიორგი გახარიას მართლაც დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ გახარიას მთავარ პრობლემად იქცა 20 ივნისი, რომელიც მთლიანად ხელისუფლების კომპრომატი იყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ თვითონ ხელი დაებანა და გახარიასთვის დაებრალებინა. მანაც ამის საწინააღმდეგოდ ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ გახარია ამ თემით მოწყვლადი გახდა, თავხედურად მას “შეაწერა” ყველაფერი. გახარიამ გარკვეული მიზეზების გამო, რაც მე არ ვიცი, ამის თავიდან აცილება ვერ შეძლო და ეს ფატალური შეცდომა იყო. გახარიას შეეძლო ეთქვა, რომ ბრძანება სხვამ გასცა და ამით ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. ეს რომ ექნა, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეების აღძვრასაც ვერ გაბედავდნენ, თუმცა მან თავდაცვის პოზიცია დაიკავა და სწორედ ამით წააგო”, - თვლის რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ტრამპის ჩინეთში ვიზიტმა ძალიან შეაფიქრიანა ბიძინა ივანიშვილი. დაინახა, რომ რუსეთმა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლოა ვეღარ შეძლოს. ის პუტინის მიმართ დღეს ლოიალურია, რადგან მისი ეშინია, თუმცა, თუ დაინახა, რომ პუტინი იმდენად დასუსტდა, რომ პერსპექტივა აღარ აქვს, რა თქმა უნდა, ეცდება გადააგდოს, ოღონდ გადააგდოს არა დემოკრატიის დროშით, არამედ აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიის ასაშენებლად. რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომაზე არჩევნები უნდა ჩატარდეს: პირველი სცენარით - თუ ხელისუფლება გადაწყვეტს რუსეთში რეინტეგრაციის გაგრძელებას, რუსეთის აუცილებელი მოთხოვნა იქნება ევროინტეგრაციაზე უარის თქმა და კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღება, ამას კი კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება, რის გამოც ბიძინა იძულებული გახდება ჩაატაროს არჩევნები; მეორე სცენარით - თუ მან პუტინის გადაგდება გადაწყვიტა, ამ შემთხვევაშიც სჭირდება არჩევნები საკუთარი ლეგიტიმაციის დასადასტურებლად. ასე რომ, ორივე შემთხვევაში არჩევნების ჩატარება სჭირდება. თუ პოლიტიკურ კანონზომიერებებზე ვისაუბრებთ, არჩევნების აუცილებლობა ცხადია, თუმცა საქართველოში პოლიტიკური მოვლენები ხშირად არ ემორჩილება კანონზომიერებას, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 119 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.