კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
“ვულოცავ რუსეთის ყველა დასავლელ “მეგობარს” “სარმატის” სტრატეგიული სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. “ახლა ჩვენ ყველანი ბევრად უფრო ახლოს ვართ!” - აცხადებს მედვედევი.
ცნობისთვის, რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაურმა სერგეი კარაკაევმა განაცხადა, რომ რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა “სარმატი” წარმატებით გამოსცადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “სარმატის” სისტემას მსოფლიოში ყველაზე მძლავრი უწოდა და სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს უახლესი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გაშვება მიულოცა. მისი თქმით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 35 000 კილომეტრია. “RS-28 სარმატი” არის რუსეთის მძიმე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც დასავლეთში ხშირად “Satan 2”-საც ეძახიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს სტრატეგიული რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა.
“სარმატი" შექმნილია ძველი საბჭოთა R-36M ტიპის რაკეტების ჩასანაცვლებლად, ის ბირთვული იარაღის მატარებელი რაკეტაა, რომელიც გათვლილია რამდენიმე ბირთვული ქობინის გადასატანად და შექმნილია ანტისარაკეტო სისტემების გვერდის ავლისთვის. დასავლელი უსაფრთხოების ანალიტიკოსების თქმით, პუტინმა გაზვიადებული განცხადებები გააკეთა რუსეთის ახალი თაობის ბირთვული იარაღის ზოგიერთი შესაძლებლობის შესახებ. დასავლელი ექსპერტების თქმით, “სარმატს” წარსულშიც ჰქონდა წარუმატებლობები. მაგალითად 2024 წლის სექტემბერში ჩატარებულმა ერთ-ერთმა ცდამ გაშვებისას ღრმა კრატერი დატოვა. ასევე, ექსპერტების თქმით, რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ მისი ბირთვული შეკავების ძალა კვლავ ძლიერია და ასეთი განცხადებები მიმართულია როგორც დასავლეთისკენ, ისე შიდარუსული აუდიტორიისკენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პრეზიდენტ პუტინის განცხადებას, რომ “სარმატის” რაკეტას 35 000 კილომეტრზე მეტი მოქმედების დიაპაზონი აქვს, ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ. არაერთი დამოუკიდებელი შეფასების თანახმად, “სარმატის” მოქმედების რადიუსი, დატვირთვის კონფიგურაციიდან გამომდინარე, 11 000-დან 18 000 კილომეტრამდეა შეფასებული. “არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს 35 000 კმ-ის დიაპაზონს, რაც დაახლოებით დედამიწის გარშემოწერილობაზე მეტია და ტექნიკურად დაუჯერებელია მსგავს საწვავზე დაფუძნებული რაკეტისთვის. ასეთი ციფრი თითქმის დანამდვილებით გაზვიადებული ან არასწორი ინტერპრეტაციაა”, - განაცხადა დასავლელმა თავდაცვის ანალიტიკოსმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
