“პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე

“სწორად მიმაჩნია, რომ ირანის ელჩის განცხადებას ჩვენი მთავრობა არ გამოეხმაურა. ფაქტია, ტრამპმა ამერიკა სერიოზულ კრიზისში შეიყვანა. ამერიკა და ისრაელი რთულ ვითარებაში გაებნენ. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირანს ძალიან უნდა ჩაითრიოს ამერიკა სახმელეთო ომში, იმედია, ახლა მაინც ეყოფა ტრამპს ჭკუა და ამ პროვოკაციაზე არ წამოეგება.

ცოტა აკლია და, ტრამპმა ამერიკა შეიძლება მეორე ვიეტნამში გახვიოს და დიდი ხნის შემდეგ შედეგიც იგივე დადგეს, რაც ვიეტნამში მიიღო ამერიკამ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ სამხედრო ოპერაციით ამერიკამ მოახერხა, რომ ძალიან დანაწევრებული და რეჟიმის მიმართ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი ირანელი საზოგადოება გააერთიანა. აბსოლუტურად წინდაუხედავი ნაბიჯები გადადგა, ტრამპი აჰყვა ნეთანიაჰუს პროვოკაციას, რაც, ჩემი აზრით, გაუაზრებელი იყო. უკვე ვშიშობ, ეს კონფლიქტი შესაძლოა ძალიან ხანგრძლივიც გამოდგეს. ტრამპი კი აცხადებს, რომ მალე დაასრულებს ომს, მაგრამ ამის პირობებს ჯერ ვერ ვხედავ”, - აცხადებს ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...”

 

“ამ ეტაპზე მიზანს, რაც დასახული ჰქონდა ამერიკას ამ ომით, ვერ მიაღწია. გაიძახიან, თითქოს ირანს იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუნადგურეს, მაგრამ ფაქტია, ირანი მაინც ყოველდღიურად არაერთ რაკეტას ესვრის ისრაელს თუ სხვა ქვეყნებს, ახლახან კი ირანის თავზე ამერიკული თვითმფრინავები ჩამოყარეს. თან ტრამპის წამოწყებულ ომს არა აქვს მხარდაჭერა ამერიკაში - ძალიან გაძლიერდა უკმაყოფილება. ტრამპი უკვე რესპუბლიკელების მხარდაჭერასაც კარგავს. ყველგან, სადაც ბოლო ხანს არჩევნები ჩატარდა, დემოკრატებმა მოიგეს, ისეთ შტატებშიც კი, სადაც აქამდე გუბერნატორი არასდროს ყოფილა დემოკრატი. ის პოლიტიკა, რასაც ტრამპი ატარებს, ამერიკისთვის დამღუპველია. არ შეიძლება ასე ლერწამივით ირყეოდეს პოლიტიკოსი, მით უფრო ასეთი ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტი. ამერიკას სჭირდება გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკა. ამის გარდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ტრამპის პრეტენზიები ნატოსთან დაკავშირებით. ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსია, რომელიც ძირითადად შექმნილია ევროპის დასაცავად. ეს კარგად ესმოდათ შტატების უწინდელ ადმინისტრაციებს. არც კორეის და არც ვიეტნამის ომებში ნატო არ ჩარეულა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ვერ ვიგებ, რატომ არის ასე უკმაყოფილო ტრამპი ნატოს ქვეყნებით, მან მათთან შეთანხმების გარეშე დაიწყო ეს ომი და ახლა სთხოვს პარტნიორებს დახმარებას. ეს არ არის ნატოს ოპერაცია, ეს არის ამერიკულ-ისრაელური პროვოკაცია და კეთილინებონ და, თვითონ გაართვან თავი. მე დიდად არ მჯერა ტრამპის მუქარის, რომ ამერიკა ნატოდან გავა. თქმა მარტივია, მაგრამ მუქარის შესრულება ასევე მარტივი არ იქნება - ღმერთს მადლობა, რომ ამერიკაში ძალიან ძლიერი ინსტიტუტებია, მას აქამდეც არაერთი ამგვარი ხუშტური დაუბლოკეს და ამასაც დაუბლოკავენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტრამპი შექმნილი ვითარების გაანალიზებით კი არ მიდის გარკვეულ ლოგიკამდე, არამედ საკუთარ საკმაოდ მატივ ლოგიკაში ცდილობს არსებული რეალობის ჩატენას, რაც არ გამოსდის...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“არასწორად მიმაჩნია პატრიარქის არჩევნებსა და კანდიდატებზე ლაპარაკი, ვიდრე ილია II-ის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე არ გავა. ვფიქრობ, პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც ეცდება, მხოლოდ უკუეფექტს მიიღებს. რაც შეეხება რუსეთის დაზვერვის განცხადებას, ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი ყველაფერში ცდილობს ჩარევას და დარწმუნებული ვარ, ამ განცხადების გარდა, სხვა მცდელობებიც აქვს. ეს განცხადება იმდენად არაპროფესიონალური და არაადეკვატურია, რომ ბევრს გაუჭირდა კიდეც იმის დაჯერება, რომ რეალური იყო. განსაკუთრებით არასწორი და უსუსური იყო მსოფლიო პატრიარქთან დაკავშირებული ბრალდებები. სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ გამკვირვებია, რაც დრო გადის, რუსეთის საგარეო დაზვერვა სულ უფრო და უფრო სუსტდება. არ მინდა გვარების დასახელება, მაგრამ ჩემი შეფასებით, პატრიარქობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ სწორედ რუსეთის ჩარევამ შესაძლოა ძალიან დაასუსტოს მისი პოზიციები”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“არა მგონია, ჩვენი ეკლესია ასეთ ანკესზე წამოეგოს და ყურადღება მიაქციოს ამ პროცესში ჩარევის ცდებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, რუსეთი იქნება, ჩვენი მთავრობა თუ კიდევ ვინმე სხვა. ერთსაც ვიტყვი - ძალიან ბევრი ექსპერტის მოსაზრება წავიკითხე, გამოითქმის შიშები, ნეგატიური ვარაუდები... ჩემი აზრით, ზედაპირული შეფასებებია, ისინი ვერ აანალიზებენ, რა პროცესები მიმდინარეობს. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესია გაუძლებს მასზე ზემოქმედების შესაძლო ცდებს და დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ოპოზიციურმა ალიანსმა 31 მარტიდან “ეროვნული მობილიზაციის კამპანიის” დაწყება გამოაცხადა, რომელიც ორ თვეს გასტანს და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, თსუ-ს პირველ კორპუსთან მასშტაბური აქციითა და მსვლელობით დასრულდება..” - პასუხობს:

“მოკლედ რომ შევაფასო, ასე მგონია, ათჯერ ნანახ ფილმს ვუყურებ... მინდა ძალიან დავიჯერო ოპოზიციის წარმატების, მაგრამ რა ვქნა, “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს...” რაც დაანონსებულია, იმის შედეგებზე, მოდი, 27 მაისს ვილაპარაკოთ... ახლა კი გეტყვით, რომ ყველაფერს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ - რეიტინგდაკარგული ძალების გაერთიანებისა და მათ მიერ გავლენის მოპოვების, მომკალით და, არ მჯერა. უკაცრავად, მაგრამ ხისტად და ცინიკურად ვიტყვი, ნულს თუ ნულს მიუმატებთ, ისევ ნულს მიიღებთ. ამასთანავე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის გამოყენება... 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული დღესასწაულია, ეს უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანების დღე და არა დაპირისპირების. აუხსენი მაგათ, რამდენიც გინდა, არ ესმით... 26 მაისს აქციის გამოცხადება ცინიზმია. ჩაეტარებინათ 27-ში, 28-ში ან როცა უნდოდათ მაშინ. ეს მე ტაქტიკურ და სტრატეგიულ შეცდომად მიმაჩნია. მერე უკვირთ, რატომ არა აქვთ რეიტინგი. სწორედ იმიტომ არა აქვთ, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ”.

წაკითხვა 156 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.