"არასდროს გავერთიანდებით „ნაცმოძრაობასთან“, არ გვჭირდება, ვინმეს ბარიერის გადასალახად შევუერთდეთ" - იაგო ხვიჩია
„გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“. არ გვჭირდება, რომ ვინმეს ბარიერის გადასალახად შევუერთდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „გირჩი“ გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობას არავისთან გამორიცხავს, თუმცა ეს იდეურ ერთობას უნდა ეფუძნებოდეს.
„იდეური ერთობა ერთ დღეში როგორ უნდა დაინახოთ? წარმოუდგენელია, ვიღაცამ მესიჯი დაწეროს და მთელმა ქვეყანამ დავიჯეროთ, რომ იდეური ერთობა შემდგარია. პოლიტიკურმა სპექტრმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ. კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ კონკრეტულ საკითხებზე ვითანამშრომლოთ. ასეთია ეროვნული ბანკი და ამნისტია. ეს თუ გაგრძელდება და ინტენსიური ხასიათი ექნება, აჩვენებს ტენდენციებს, თორემ, ხომ გაგიგიათ, ერთი მერცხალი და ბულბულის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. „გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“. ზოგადად, არავისთან არანაირი ტიპის თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, არასერიოზული იქნება, ვთქვა, რომ ვიღაცასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას გამოვრიცხავ, მაგრამ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ლოგიკური და დაფუძნებული იმაზე, რომ პარტიებს ბევრ საკითხზე აქვს დამთხვევები. ეს პროცესი ჯერ დაწყებული არ არის, ამიტომ საფუძველს მოკლებულია საუბარი ნებისმიერ გაერთიანებაზე, იმაზე, რომ „გირჩი“ ვინმესთან გაერთიანდება. პირადად მე, იაგო ხვიჩიას და ჩემს სხვა მეგობრებსაც არ გვჭირდება, რომ ვინმეს ბარიერის გადასალახად შევუერთდეთ. ჩვენ გვინდა, ადამიანების ნდობა გვქონდეს იმდენი, რომ ბარიერის გადალახვა ჩვენით შევძლოთ და ამის შემდეგ, ბარიერგადალახულები მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ, როგორ მოვაწყოთ ეს ქვეყანა.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვცდილობდი. მას წერილი მივწერე, ასევე მის ადვოკატს ველაპარაკე და ზეპირადაც გადავეცი, რასაც ვფიქრობდი. მინდოდა, მისგან გამეგო მისი მოსაზრება, რაიმე საერთო ღირებულებები, იდეები გვაქვს თუ არა, რისთვისაც ვიბრძოლებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამნისტიის საკითხი. როგორც 2012 წელს იყო საჭირო, ისე ახლა არის საჭირო დიდი ამნისტია. ჩვენ ევროპაში მესამე თუ მეოთხე ვართ პატიმართა რაოდენობით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა: „მას შემდეგ, რაც გამოვაცხადე, რომ დადგა დრო ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“. არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის? რა თქმა უნდა, არის“.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
