ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

“პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული დელეგაციით ჩინეთს ესტუმრა. ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ მხარეები მნიშვნელოვან საკითხებზე და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი ალბათობით, მთავარი თემები ეკონომიკური ურთიერთობის გარდა იქნება, აშშ-ირანის, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი და ასევე შეიძლება წამოიჭრას კავკასიისა და შუა დერეფნის საკითხი და ამ კონტექსტში შეიძლება საქართველოც. ტრამპთან ერთად ჩინეთში ჩავიდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი. მაღალჩინოსნების გარდა, ტრამპის გუნდში შედიან ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, მათ შორის - ილონ მასკი. ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების პირისპირ შეხვედრა 14 მაისს არის დაგეგმილი. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ საკითხების მთელი ჩამონათვალია, რასაც ელოდებიან, რომ ამ შეხვედრაზე მეტ-ნაკლებად უნდა გაირკვეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აშშ-ს პრეზიდენტი პეკინშია - რას გადაწყვეტს ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის.

“საკითხების მთელი სპექტრია, რის გადაწყვეტასაც მსოფლიოში ელოდებიან, ჩვენთვისაც უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია. მაგალითად, თავის დროზე ითქვა, რომ ჩინეთსა და გერმანიას შორის ეკონომიკური კავშირები უფრო ინტენსიური გახდა, მათ შორის მანქანათმშენებლობაში. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩინეთმა საქართველოს მიმართა, რომ თუ შეიძლება ევროკავშირის მიმართ ძალიან აგრესიულები ნუ იქნებითო. ჩინეთის მხრიდან ლოგიკა გასაგები იყო, სულ რომ ამ ორმა ლიდერმა ლაპარაკში საქართველო არ ახსენოს, ეს დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ მათი საუბრის შედეგები საქართველოს ინტერესებთან კავშირშია. ბოლო დღეებში გერმანიის ელჩის კრიტიკა ძალიან მძაფრი იყო და პრაქტიკულად გამოდის, რომ სასწორზე იდება ერთი მხრივ ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან და მეორე მხრივ კრიტიკულობა ევროკავშირის მიმართ, აი ეს ალტერნატივა ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“მთავარი რაც შეიძლება შეხვედრისას განიხილონ, იქნება ირანის, უკრაინის, რუსეთის საკითხები. ეს ის თემებია, რომელზედაც ყველა ლაპარაკობს და მათ რომ არ ილაპარაკონ, გაუგებარიც იქნება. ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ ირანის საკითხი იქნება, როგორც ჩინეთის ერთ-ერთი პარტნიორი და მეტოქე ამერიკისთვის. უკრაინა-რუსეთის თემა არ მგონია წინა პლანზე იყოს, მაგრამ უდავოდ სალაპარაკო იქნება. სასაუბრო თემა ასევე იქნება ევროპისადმი დამოკიდებულება, ჩინეთს ეგ დამოკიდებულება მხოლოდ გერმანიასთან არ აქვს, მისთვის მთელი ევროპა პარტნიორობისთვის ხელსაყრელია, თუნდაც, როგორც ბაზარი საქონლის გატანისთვის, ასეთი პარტნიორობა კი ევროპულ ქვეყნებს აძლიერებს, არადა, ტრამპს ევროპის გაძლიერება არ უნდა, აგერ ვხედავთ ნატოს კრიტიკულად უყურებს და შეიძლება ალიანსიდან გამოსვლის საკითხიც დააყენოს. ევროპულ ქვეყნებზე ხომ ყოველ დღე თითო-თითო კურთხევას აგზავნის”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ალბათ ლაპარაკი შედგება იმაზე, თუ ევროსივრცეში ჩინური საქონელი როგორ ჩავიდეს, აი ეს საკითხი, რომ რა გზით შემოვიდეს, უფრო ახლოსაა იმასთან, რაც უშუალოდ საქართველოს ეხება. საუბრის თემა ასევე შეიძლება იყოს შუა დერეფანი, კავკასია, ალბათ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა და გადაწყდება, ორი ზესახელმწიფოს ინტერესებში რა არის ოპტიმალური. თუკი კომუნიკაციის (შუა დერეფნის) თემამ ამოიწია, იქ რა თქმა უნდა ჩვენი საკითხიც იქნება, მაგრამ მეეჭვება, რომ უშუალოდ ანაკლიის პორტი ახლა წამოიჭრას. ანაკლია უდაოდ ამერიკის ინტერესებშია, მაგრამ შეიძლება ჩინეთთან დიალოგში აშშ-მა ამ საკითხის განხილვას თავი აარიდოს, მაგრამ გამორიცხული არაფერია”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძის მიიჩნევს, რომ ნაკლებსავარაუდოა ჩინეთში შეხვედრისას საუბარი უშუალოდ საქართველოს შეეხოს. “შეიძლება პირველ რიგში განიხილონ ის სხვადასხვა საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და აშშ-ს ვაჭრობას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები არიან, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა 600 მლრდ დოლარს აღემატება. არაა გამორიცხული საუბრები იყოს ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე ორ ქვეყანას შორის. ამავე დროს, შეიძლება ტრამპს ჰქონდეს მცდელობა ჩინეთი დაარწმუნოს, რომ პეკინმა ირანული ნავთობი არ შეიძინოს. ირანი ნავთობის ნახევარზე მეტის რეალიზაციას ჩინეთში ახდენს. არ მგონია, რომ უშუალოდ საქართველოზე გაკეთდეს აქცენტი, თუმცა, შუა დერეფანი და კავკასია შეიძლება განხილვის თემა იყოს. საერთოდ, ალბათ იქნება მცდელობა, რომ ჩინეთმა ირანთან თანამშრომლობაზე როგორმე უარი თქვას, ასევე თანამშრომლობა რუსეთთანაც შეამციროს”, - ამბობს ჩიტაძე, რომლის აზრით, - “თუმცა, უშუალოდ საქართველოზე აქცენტი ნაკლებსავარაუდოა, არაა გამორიცხული ანაკლიის პორტსაც შეეხონ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 78 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.