"ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს"
ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.
„საკონსტიტუციომ თუ კი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია.
ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერც ერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზეც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა… ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას…. სია შემიძლია, გავაგრძელო…
ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ.
საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც, ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
