"არც ისეა საქმე, როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს და არც ისე, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს"
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და შესრულების ხარისხს.
ლევან იოსელიანის თქმით, არც ისეა საქმე, როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ არაფერი ხდება, აპოკალიფსია და არც ისეა საქმე, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ყველა მიმართულებით ყველაფერს ასრულებენ და ყველაფერში პოზიტიური წინსვლაა. იოსელიანის განცხადებით, როგორც წესი, სიმართლე არის სადღაც შუაში და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს ეს სიმართლე აინტერესებდათ.
„მთავარი, რაც მიმაჩნია, რომ პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 70% ელექტრონულად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რაც არჩევნების მიმართ ნდობას გაზრდის. მნიშვნელოვანი ცვლილებაა ასევე იმ სტანდარტის შემოღება და დამკვიდრება, რაც დაკავშირებულია სტრასბურგის სასამართლოების დანერგვასთან და ქართულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციასთან. მნიშვნელოვანი ცვლილებაა პარლამენტში ზედამხედველობის გაუმჯობესება. მათ შორის ინტერპელაციის წესის ცვლილება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ბევრად უფრო მეტი სიხშირით იყვნენ პარლამენტში დაბარებული და ანგარიში წარუდგინონ პარლამენტს.
ვერ ვნახე ვერანაირი წინსვლა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები, რომელიც დაინიცირებულია სასამართლოსთან მიმართებით, ვერ ასახავს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც ჩვენ წაგვიყენეს პარტნიორებმა. ეს ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და არ არის ცვლილებები, რომელიც გამოიწვევს სასამართლოში რაიმე ტიპი ფუნდამენტურ ცვლილებას. ასევე ძალიან კრიტიკულად ვაფასებ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ. კანონი, რომელიც არ არის დაწერილი საქართველოსთვის, დაწერილია სხვა ქვეყნისთვის და ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
