"ჩვენ ვართ ერთნი და ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად დავიბრუნებთ" - ზვიად შალამბერიძე
სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი შესრულდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სასულიერო პირებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
,,მე დავიბადე და გავიზარდე ქალაქ სოხუმში და ჩემთვის დღევანდელი დღე ორმაგად მტკივნეულია. თუმცა ჩვენი ევროპული მომავალი წარმოუდგენელია აფხაზეთის და აფხაზების გარეშე. ჩვენ ვართ ერთნი და ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად დავიბრუნებთ. დღევანდელი დღე უნდა იქცეს შერიგების დღედ და თითოეულმა ჩვენგანმა ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,“ - ზვიად შალამბერიძე.
„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. 1992-1993 წლების ომმა უამრავი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა, ასეულ ათასობით ადამიანი აიძულა სახლ-კარი მიეტოვებინა და საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეულიყო.
თითქმის სამი ათეულია წელია, არ ყოფილა არცერთი დღე, რომ არ გვახსოვდეს აფხაზეთი. ეს არ არის მხოლოდ ქართველების ტკივილი, ეს აფხაზების დარდიცაა და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი! მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ურთიერთგაგებით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას.
დღეს ჯვართამაღლებაა. ესეც ერთგვარი სიმბოლური მინიშნებაა იმისა, რომ ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და საქართველო კვლავ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო იქნება!"- იოსებ ხახალეიშვილი.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
