მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს - ნათია თურნავა
„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში, ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დღევანდელი მიღწევა. დღეს საქართველო აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს არჩევას.
არჩევნები საბერძნეთში, ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომლებსაც მხარი დაუჭირეს საქართველოს კანდიდატურას არჩევნებში.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ გლობალური ტურისტული ინდუსტრიის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების დროს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის პრობლემების გადაწყვეტაში. რაც შეეხება იმ სარგებელს, რასაც საქართველო მიიღებს, ესაა საქართველოს შესახებ ინფორმაციის გატანა და მისი ცნობადობის გაზრდა, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის უფრო მეტად წარმოჩენა როგორც მიმზიდველი, უნიკალური და თან უსაფრთხო ტურისტული გარემოსი. ყველას ვულოცავ ამ დიდ მიღწევას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
