გუშინ ვუყურებდი იმ საცოდაობას, რასაც ადგილი ჰქონდა. რაღაც შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა, რა ვუშველო, რა ვუყო არ ვიცი. არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, აქცია მოაწყო პარტიის თავმჯდომარემ და იქაც უკან მოჩანჩალებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ერთხელ და სამუდამოდ კანონის უზენაესობას უნდა შევეჩვიოთ, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, თქვენ არც მართლმადიდებლები ხართ, არც ქრისტიანები ხართ, არავინ ხართ და ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ - ეს არის მავნებლობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა.
საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დასრულდება.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
„ჩვენ დეტალურად გქონდა საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევების გამკლავების კუთხით, რომელიც ჩვენი რეგიონის წინაშე არის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოოდ, სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება. საქართველო მზად არის, თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენს მიმართ გულთბილი დახვედრისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ საქართველოში, ამაზე ჩვენ გვქონდა ჩვენი შეხვედრის დროს საუბარი. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოში ჩამობრძანება. ორმხრივი, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობები და ის მაღალი დინამიკა, რომელიც დღეს ჩვენს პარტნიორობას ახასიათებს. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“,-განაცხადა კობახიძემ.
რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს შესაბამისი განმარტებების გაკეთება და პასუხის გაცემა, რა პოზიციაზე დგანან, თუ კონსტიტუციურ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
საკონსტიტუციო სტატუსის გარეშეც, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ცვლილებები ქმედითი იქნება, საკონსტიტუციო სტატუსი კი გვჭირდება, რათა განისაზღვროს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციები და მომავალში მისი შეცვლა ვერავინ შეძლოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
