ფოფხაძე ტიკარაძის წინააღმდეგ - “მას წარმოდგენა არ აქვს რისი მინისტრია”
“პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ადამიანი თავისი თავის მხილებას გაურბის და ცდილობს ქვეყანას არ დაანახოს, რომ წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია”, - ასე აფასებს ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის უარს პარლამეტში მისვლაზე.
“დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში ივნისის დასაწყისში დაიბარეს, თუმცა მან ვიზიტის ივნისის ბოლო კვირამდე გადადება ითხოვა. ივნისი უკვე იწურება, თუმცა ტიკარაძე პარლამენტში მისვლას ისევ არ აპირებს. ფოფხაძე ამბობს, რომ მათ ფრაქციას ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედის იმედი აღარ აქვს. მისი შეფასებით, მინისტრის მიერ ვიზიტისთვის თავის არიდება იმის ნიშანია, რომ იგი სიტუაციას ვერ ფლობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფოფხაძე ტიკარაძის წინააღმდეგ - “მას წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია”.
“ჩვენ ამ შეხვედრის ვერანაირ პერსპექტივას ვეღარ ვხედავთ იმიტომ, რომ ისედაც არ იგრძნობოდა, რომ ქალბატონი ტიკარაძე თვითონ ფლობს სიტუაციას. იგი, როგორც წესი, ყველა კითხვაზე მოადგილეების და თანაშემწეების მეშვეობით პასუხობს და როცა შეხვედრას ასე აჭიანურებს, შემდეგ შეხვედრაც აზრს კარგავს. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკითხებს კი არა, დროსაც აქვს მნიშვნელობა. მიმაჩნია, რომ ტიკარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკას არ ცნობს. ჩვენ, სიმართლე გითხრათ, ტიკარაძისგან არაფერს ღირებულს და კონკრეტულს აღარ ველოდებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ მოვალეები ვართ ის საკითხები, რაზეც მსჯელობას ვაპირებდით, დაწყებული ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებიდან და სამედიცინო მუშაკების მიმართ დამოკიდებულებიდან, დამთავრებული სოციალური მუშაკებით და სოციალური სფეროთი, ეს საკითხები უნდა განვიხილოთ”, - აცხადებს გედევან ფოფხაძე, რომლის აზრით, “ეს სწორი მიდგომა არაა, რომ რამდენიმე ეპიდემიოლოგის მეშვეობით სახელმწიფო თავის ჯანდაცვის სისტემას საზოგადოებას პოზიტივში სთავაზობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მაშინ, როცა ეპიდემია ქვეყანაში რეალურად რომ დაწყებულიყო, ჯანდაცვის სისტემას რესურსი არ ჰქონდა, რომ ამ ეპიდემიისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ამიტომაც საყოველთაო აკრძალვებზე წავედით და სახელმწიფო ჩავკეტეთ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდით, რომ თუ ავადმყოფთა რაოდენობა პირობითად 2 ათასს აცდებოდა, სახელმწიფო ამ ხალხის მკურნალობას უკვე ვეღარ შეძლებდა და იმ რეალობის წინაშე დავდგებოდით, რომ იმის გამო, რომ ხალხს ჯანდაცვის სისტემა ვერ მიხედავდა, მასობრივად გარდაცვალება დაიწყებოდა. ასეთ ვითარებაში კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ როგორია პოლიტიკა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში და ეს მიმართულება რამდენად სწორად და თანმიმდევრულად ვითარდება”, - ამბობს ფოფხაძე. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში ვიზიტის გადადების ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობს”, - განაგრძობს გამოცემა.
“მე მიმაჩნია, რომ ტიკარაძის არმოსვლის ერთადერთი მიზეზი ისა, რომ ჯანდაცვის მინისტრს კომუნიკაციის და ასეთი ურთიერთობის რესურსი არ აქვს. ესაა ოჯახის მინისტრი, რომელიც აბსოლუტურად ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ავტორიტეტზეა მიბმული, მას არანაირი ინსტიტუციონალური მხარდაჭერა არ ჰქონია, მისთვის პარლამენტი რაღაცა აბსტრაქციაა იმიტომ, რომ მას არ მიაჩნია, რომ მანდატი პარლამენტიდან მიიღო, მიიღო ოჯახიდან და შესაბამისად, ის არანაირად ამ პარლამენტის საკონტროლო ფუნქციის რეალიზაციაში თანამონაწილე არ გახდება და არც აქვს ამის რესურსი. იგრძნობა, რომ ეს ადამიანი არაა იმდენად კვალიფიციური, რომ პარლამენტთან კომუნიკაციაში შემოვიდეს და ჩვენთან ერთად იმ საკითხებზე იმსჯელოს, რაც ჯანდაცვის, დევნილებისა და დასაქმების სფეროში არსებობს. პოლიტიკაზე როცა ლაპარაკობ, ხედვა უნდა გქონდეს და ხედვა ამ ადამიანს არ აქვს. რომ შეგვხდეს, შესაძლოა ამისი ილუსტრაცია მოხდეს. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ადამიანი თავისი თავის მხილებას გაურბის და ცდილობს ქვეყანას არ დაანახოს, რომ წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია”, - დაასკვნის ფოფხაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “პარლამენტში მისი ვიზიტის გადადების მიზეზად იგონებენ რაღაც მოუცლელობას და რომ ამ მომენტში არ სცალია და ცოტა ხანი კიდევ დრო სჭირდება. თუმცა, გადადების არანაირი ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობს”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი