"წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან გაიმარჯვებს, მე ამ ბრძოლაში ვარ" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი აპირებს იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების წინა ხაზზე.
"მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ უნდა ყველანი გავერთიანდეთ, ახლა ადგილების გაყოფის დრო, არც ახლა და არც მომავალში არასოდეს არ დადგება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
აღნიშნულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ყველა, ვისაც ხალხის დახმარება უნდა, ერთად უნდა დადგეს:
„მე, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე. წელს გადაწყდება სწორედ სამუდამოდ ვიქნებით თუ არა მონები, მთელი დარჩენილი ცხოვრება ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები. წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ამ ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს. ამიტომ ჩვენც რა თქმა უნდა ვემზადებით გამარჯვებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ვერ დააკონკრეტა, როდის დაუბრუნდება იგი სამუშაო ადგილს კიევში. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, პროცესი სავარაუდოდ დიდხანს არ გაიწელება. მინისტრმა 27 მაისს განაცხადა, რომ დააკვირდებიან ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს მიმართ.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი