"ივანიშვილმა ამერიკელებს დაახლოებით იგივე გაუკეთა, რაც პროპორციული წესის ჩაგდებით საკუთარ მოსახლეობას, ანუ "გადააგდო"
მას შემდეგ, რაც მმართველმა ძალამ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, დაიწყო პროცესი, რასაც უკვე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ახალი - ეპისტოლარული ეტაპიც შეიძლება ვუწოდოთ.
პირველი, ვინც შეშფოთება წერილობით გამოხატა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი გახლდათ. "შოკირებული ვართ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნით... საქართველო რუსეთი არ არის, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს". ამას მოჰყვა პრემიერ გახარიასთვის მიწერილი კრიტიკული წერილების "დასტა", რომელშიც უკიდურესად მწვავედ არის შეფასებული საქართველოში არსებული ვითარება. გაზეთი "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან ერთად შეეცადა გაეანალიზებინა ამ წერილების მთავარი გზავნილები.
ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებები
- ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრობლემა ის კი არ არის, თუ რატომ არ დაკანონდა საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა, არამედ ის, ეს როგორ მოხდა - ხელისუფლება დაჰპირდა ხალხს, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას, მერე კი "გადააგდო". ქვეყანაში, რომლის განვითარებისთვის აშშ-მა დიდი ფული დახარჯა და კვლავაც ხარჯავს, გაჩნდა რისკი იმისა, რომ ეს ხელისუფლება არსებულ საკანონმდებლო ბაზას, საარჩევნო მოდელს, პოლიტიკურ სისტემას არგებს მხოლოდ საკუთარ ინტერესს, რითაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. პოლიტიკური კრიზისის დროებით განსამუხტავად გასცე დაპირებები, მერე კი ყველა ფეხებზე დაიკიდო, სანდოობას აცამტვერებს და საქართველოს არაკეთილსინდისიერ პარტნიორად წარმოაჩენს. ამერიკელ პოლიტიკოსებს გაუჩნდათ კითხვა: პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც თავის ხალხს ასე ექცევა, როგორ შეიძლება მოექცეს პარტნიორებს?!
"ანაკლიის პორტის პროექტი" და "ფრონტერა"
"აშშ-ის მხარდაჭერილ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" "ოცნების" პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკულ კომპანიებს პროექტში ჩართვაში ხელი შეუშალა. ამ მოვლენებმა შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნესგარემოზე და შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები", - ამონარიდი კონგრესმენების: ადამ კინზინგერის, ელიოტ ენჯელის, გერი კონოლის, მაიკლ მაკკოლის წერილიდან. ამერიკელ პოლიტიკოსებს დაუცველი ამერიკული ინვესტიციების მაგალითად მოჰყავთ კომპანია "ფრონტერაც", რის შემდეგაც "ოცნების" ზოგიერთმა წევრმა ამერიკელი პოლიტიკოსებისგან ზოგიერთი კომპანიის ლობისტობაზე დაიწყო ლაპარაკი.

სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი