გიორგი გახარია განმარტავს, რატომ მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში
ოპოზიციური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა მომდევნო, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზეზზე. მისი თქმით, ამ არჩევნებში მონაწილეობით „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებაზე საუბარი სისულელეა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი და ერთადერთი გზა... მე პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმ გადაწყვეტილებაში, რაც ჩვენ მივიღეთ.
ჩვენი ყველას - ჩემი, თქვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის - გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს, სამწუხაროდ და ჩვენდა საუბედუროდ, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრად უფრო მეტი ამომრჩეველი, ვიდრე იმსახურებს. ეს ფაქტია და სანამ ჩვენ ფაქტს არ გავუსწორებთ თვალებს და არ ვაღიარებთ ობიექტურ რეალობას, ჩვენ წინ ვერ წავალთ.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, არანაირ ბოიკოტს და არაფერს არ ექნება აზრი, ჩვენ თუ არ მივაღწიეთ იმას, რომ „ოცნების“ ამომრჩევლების რაოდენობა შემცირდა. ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ თითოეულ ამომრჩეველთან და თითოეულ ოჯახთან არ მივედით და მათ არ დავანახეთ...“ - თქვა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვას, ახლა როგორაა შესაძლებელი ამ საკითხის გადაჭრა, გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:
„ეს ყოველდღიურად გასაკეთებელი საქმეა. ჩვენ თუ ამას არ მივაღწევთ, ვინც ბოიკოტში იქნება, ვინც ბოიკოტში არ იქნება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება - ჩვენი მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ „ოცნებას“ ჰყავს იმაზე მეტი ამომრჩეველი, ვიდრე იმსახურებს და ამაში დამნაშავეა ოპოზიციაც.
ჩვენ სანამ ამას არ მოვაგვარებთ, ვერავინ ვერც ქვეყნის გარედან და ვერც ქვეყნის შიგნით ვერ დაგვეხმარება. თქვენ თუ გგონიათ, ბოიკოტით და წამოწოლილი სადღაც ზღვის პირას შამპანურით რამეს მივაღწევთ, ვერაფერს ვერ მივაღწევთ...
იმ ადამიანებთან თუ არ მივედით და თუ არ ავუხსენით, განსაკუთრებით ახლა, როგორი დეზინფორმაციის, ტყუილების, პროპაგანდის მსხვერპლია, და მარტო იმის იმედი გვექნა, რომ ბოიკოტს გამოვაცხადებთ და ლეგიტიმაცია არ ექნება. რა შუაშია მუნიციპალური არჩევნები და ლეგიტიმაცია?!“
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
