„აი ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები“ - გახარია საქართველოში დაბრუნების შესახებ
„ქართული ოცნების“ ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, ამჟამად ოპოზიციონერი გიორგი გახარია, რომელიც რამდენიმე კვირაა ევროპაში იმყოფება და შეხვედრებს მართავს, 16 ივლისს ბრიუსელში ესაუბრა „ევროსკოპის“ რედაქტორსა და ჟურნალისტს, თამარ ნუცუბიძეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, გიორგი გახარია ამბობს, რომ აპირებს.
თუმცა მისი პასუხი ამავე დროს მოიცავს იმ საფრთხეების ჩამონათვალსაც, რომლებსაც პოლიტიკოსი მმართველი პარტიის, ანუ ყოფილი თანაგუნდელების მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ხედავს:
„ვაპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? რა თქმა უნდა, ვაპირებ, ვიზიტები ჯერ კიდევ დაგეგმილი მაქვს - აქედან ამერიკის შეერთებულ შტატებში, შუალედში დიდ ბრიტანეთში. სიმართლე რომ ვთქვა, რთულია კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვარს გადალახავს, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია.
ხვალ შესაძლოა, ვიღაცამ გაიგოს, რომ თურმე ორჯერ და სამჯერ მეტი ბიტკოინი ყოფილა გადამალული ან ორჯერ ან სამჯერ მეტი ფული ყოფილა მოპარული „ქოლცენტრებიდან“ და სასწაული მოხდეს“, -ამბობს გიორგი გახარია.
„ციხისთვის ხართ თუ არა მზად?“ - ეკითხება მას ჟურნალისტი, რაზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრი პასუხობს:
„რას ნიშნავს, ვარ თუ არა მზად? მე ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ, როგორ ვთქვა, აი ასე „ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები... ამიტომ თუ მე აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ იქ - იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ, რა პრობლემაა. ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ“, - ამბობს გიორგი გახარია.
ყოფილი პრემიერი და ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რამდენიმე კვირაა ევროპაში იმყოფება და როგორც თავად აცხადებს, მართავს შეხვედრებს.
15 ივლისს პლატფორმა X-ზე მან დაწერა, რომ ევროკავშირის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის:
„ჩვენ ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას, ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის“.
ევროპაში მყოფმა გიორგი გახარიამ სოციალური ქსელით გამოუცხადა მხარდაჭერა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილს. მისი საპატიმროში ცემის შესახებ 14 ივლისს გახდა ცნობილი.
სიახლეები
- “რეკომენდაციები იქნება, თუ აუცილებლობა არაა, ძალიან სიცხე როდესაც არის, ვეცადოთ, ჩრდილში ვიყოთ, ვატაროთ მაქსიმალურად მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი” – პაატა იმნაძე
- “უვიზო მიმოსვლის გაუქმება ისევ შანტაჟის პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება” - ირაკლი ქადაგიშვილი
- “პუტინს ეშინია ამერიკის და მე ამაში დარწმუნებული ვარ” - ზელენსკი
- ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს სადავო კანონების გაუქმებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას
- “ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე, „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია” – ხაზარაძე