“ყველას გვინდა, შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია” – “ქართული ოცნება”
“როდესაც ვინმეს პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, ყველას გვინდა, შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ.
“გერმანიასა და საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დევნის ფონზე, მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია. ასევე, უნდა გავიხსენოთ რუმინეთში მომხდარი გაუგონარი ამბავი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ჯერ არჩევნები საერთოდ გაუუქმეს, ხოლო მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. ევროპული ბიუროკრატიისგან, რომელმაც დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის ამ აქტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართული დემოკრატიის დაწუნება სრულიად უადგილოა.
შემაშფოთებელია დეზინფორმაციით გაჯერებულ წერილში მოცემული დირექტივაც იმის შესახებ, რომ უნდა „გაუქმდეს ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონები“. საუბარია კანონებზე, რომელთა მიზანი გარე დაფინანსებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების აღკვეთაა. ყველა ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და სტანდარტებთან. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საქართველოს პარლამენტისთვის იმის მითითება, თუ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არა, საპარლამენტო სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს. არსებობს ერთადერთი პრინციპი – ქვეყანას მართავს „დიპ სტეიტის“ აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ, საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთს და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე „დიპ სტეიტმა“ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა. „ბრექსიტის“ საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება. უნდა გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვები, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ბრიტანეთს სწორედ „დიპ სტეიტი“ მართავს. იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპი შეძლებს დაპირების შესრულებას და „დიპ სტეიტის“ დამარცხებას, რაც ევროპულ ქვეყნებსაც დაუბრუნებს სუვერენიტეტს. ვხედავთ, რომ „დიპ სტეიტის“ სიმძიმის ცენტრმა აშშ-დან ევროპაში გადმოინაცვლა. თუ „დიპ სტეიტი“ არ დამარცხდა და მან მხოლოდ რებრენდინგი განიცადა, სამწუხაროდ, გაგრძელდება როგორც ევროპის დასუსტება, ისე თავდასხმები ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ვუსურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან საქმეში.დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის. ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა „დიპ სტეიტის“ პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს.
ჩვენ ვერავის დავესხმებით თავს, მაგრამ ვერც იმას დავპირდებით ვინმეს, რომ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და იდენტობას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ დავიცავთ. ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო”, – წერია განცხადებაში.
სიახლეები
- “ვერაფერს იზამს უცხოეთი – შეგვიტევენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თავის ძალას აჩვენებს ყველას” - მეუფე იაკობი
- მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს
- “17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც უნდა შეფასდეს, როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე” – “ქართული ოცნება”
- “დემოკრატია არ მიიღწევა ბოიკოტით, ის მიიღწევა ბრძოლით” - ელეონორა არჩაია
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეს – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს