“მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს” - შალვა პაპუაშვილი
მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „საფართან“ დაკავშირებით პოსტს აახლებს.
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას კომენტარს გამოეხმაურა, სადაც პატარაია მას მიმართავს: „გიჩივლებ ცილისწამებისთვის!!! ვნახოთ ერთი, რანაირად დაამტკიცებ, 900 000 რომ „საფარის“ გრანტია. შენივე სასამართლოში უნდა გათრიო!“
„„საფარის“ ხელმძღვანელმა ჩემი ამ პოსტის კომენტარში შეიცხადა, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ევროკავშირისგან ვიღებო. მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე (ngotransparency.eu), რომელშიც თავმოყრილია ევროკომისიისგან სადეპუტატო შეკითხვით მიღებული ოფიციალური მონაცემები. ასე რომ, რამე სადავო თუ აქვს „საფარს“, შეუძლია, ევროკომისიას ედავოს, თუმცა რახან სიზუსტის გამო წუხს, შეცდომაში რომ არავინ შევიყვანო, ამ პოსტს ვაახლებ და მივცემ „საფარს“ შესაძლებლობას, თავად გახადოს საჯარო, რა თანხა მიიღო მან ევროკავშირისგან 2022-2024 წლებში, მით უმეტეს, მას ამას კანონი ავალდებულებს. მეც მყისიერად ჩავწერ ბუღალტრულად დაზუსტებულ თანხას, თუმცა მის კომენტარში მთავარი მაინც სხვაა. კარგია, რომ „საფარის“ ხელმძღვანელმა ცილისწამება ვერ უწოდა ჩემი პოსტის იმ ნაწილს, სადაც ვამბობ, რომ ის არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა. როგორც ჩანს, მას მიღებული თანხის ბუღალტრული სიზუსტე უფრო ადარდებს, ვიდრე ექსტრემიზმში მხილება. ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იყო, ევროკავშირის მიერ მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსება ექსტრემიზმის დაფინანსების ტოლფასია.
თავდაპირველი პოსტი:
ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის.
სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის და ექსტრემიზმის ურთიერთკავშირის შესახებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
სიახლეები
- “ეს არის იმის წარმოსახვის მცდელობა, თითქოს რადიკალურ ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“ - შალვა პაპუაშვილი
- გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დედა
- ტრამპის თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ნატო დარწმუნებული იყო აშშ-ის დაცემაში
- “კარგი პოლიტიკური სიგნალები მივიღეთ, მათ შორის აშშ-სგან და ევროპელი მეგობრებისგან – დახმარების მიწოდება აღდგა” - ზელენსკი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს