ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, 19 ივლისს საპროტესტო აქცია დააანონსეს
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, 19 ივლისს, 19:00 საათზე საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს.
შესაბამისი განცხადება „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მოგესალმებით. ჩვენ, აქ შეკრებილი რვა პოლიტიკური პარტიის (და სამოქალაქო ორგანიზაციების) წარმომადგენლები: ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას; კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის „არჩევნებად“ წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე; ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა; მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას; „ქართული ოცნება“ ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს.
ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს; ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც; სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას.
ამ მიზნით 19 ივლისს გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! უარი რუსულ სპეცოპერაციას! ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!“ – აღნიშნულია რვა ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
