კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს.
„სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა – მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა კალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია. იტალია იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეორე სახლად, რომლის კარსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით, უამრავი ბედნიერი დღის მოგონებით, გამარჯვების განცდით, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის სიხარულით ვაღებ. დარწმუნებული ვარ, რომ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა, კიდევ უფრო ფართოდ გახსნის შესაძლებლობას, განმტკიცდეს და გაღრმავდეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები, გაიზარდოს თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა სფეროში და რასაკვირველია, გაამარტივებს მილანში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას. 30 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, თუმცა ვფიქრობ, გვაქვს შესაძლებლობა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. თბილისი მზადაა, გაიზიაროს ის საუკეთესო მაგალითები, რომლებიც პროექტების სახით, ამ ულამაზეს ქალაქში განხორციელდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მილანში საქართველოს გენერალურ კონსულს, ნატალია კორძაიას აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„სულ რამდენიმე დღის წინ, 2 ივნისს იტალიის ეროვნული დღესასწაული – რესპუბლიკის დღე აღინიშნა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეს დღე კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო იტალიას იმ მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის, რასაც საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად აკეთებს. საქართველო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის პატრიოტი საკუთარი ქვეყნის მიმართ და ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, გათვალისწინებული და დაცული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებას მილანის მერი ჯუზეპე სალა, ასევე, იტალიისა და საქართველოს მთავრობების წევრები ესწრებოდნენ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
