“თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები – ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ უპირატესობა მონაწილეობის სასარგებლოდ არის დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი” - ირაკლი კუპრაძე
„ყოველთვის უნდა ვიყოთ წინასაარჩევნო კამპანიაში. რომ არ ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგიტომაც ვართ ასე მძიმე მდგომარეობაში. თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომელიც საკმაოდ მძიმე საკითხად იქცა, სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები“,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„მსჯელობა ოღონდ დასაწყები არის იმ რაციონალური არგუმენტებით, რომ თუ ჩვენ გავდივართ ბოიკოტში, რა შედეგების მომტანია ეს, სად მიგვიყვანს. ვიღაცები ამბობენ და თან მორალურ არგუმენტს ეძახიან ამას, რაც არ არის სწორი. მორალური არგუმენტი არის ის, რაც მიგვიყვანს ჩვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე და პოლიტპატიმრების თავისუფლებამდე. ბოიკოტს მივყავართ პოლიტპატიმრების თავისუფლებამდე? -ვკითხულობ. ან, მონაწილეობა გვაახლოებს პოლიტპატიმრების თავისუფლებასთან, ახალ საპარლამენტო არჩევნებთან? ჩვენ სოციალურ კვლევებს ვაკეთებთ და ვეკითხებით აზრს მოქალაქეებს – რა მოლოდინი გაქვს, მზად ხარ რომ წახვიდე ამ ბრძოლაში? ამ ველს დაუთმობ „ქართულ ოცნებას“ თუ გგონია რომ უნდა დაიბრუნო ეს ყველაფერი? ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ უპირატესობა მონაწილეობის სასარგებლოდ არის დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი. ზოგადადაც და ასევე ოპოზიციურ ამომრჩევლებშიც. ჩვენი მიზანია რეალურად გამოვკვეთოთ რა არის გამოსავალი“- აღნიშნავს კუპრაძე.
ამასთან, ირაკლი კუპრაძე „ქართული ოცნებისთვის“ თბილისის წართმევის შესაძლებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამაზე უარის თქმა არ შეიძლება.
„ვინმე ფიქრობს იმაზე, თბილისის მერიიდან და არა მხოლოდ მერიიდან, ასეულობით მოქალაქე და ჩვენი მხარდამჭერი რომ გამოუშვეს სამსახურებიდან, თბილისის წართმევის პირობებში „ქართული ოცნებისთვის“, რამდენი ათეულობით ათასი ადამიანისთვის იქნება შვება?
საპარლამენტო არჩევნები ხომ გაყალბდა, გაყალბების პირობებშიც ხომ მოვუგეთ 60/40-ზე, ხომ მოუწიათ? მე ვფიქრობ, თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი. თბილისის გათავისუფლება ნიშნავს ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის, რომელიც არის რეპრესიის, ძალადობის, პოლიტიკური დევნის, მათ შორის, კორუფციის წართმევის შესაძლებლობა. 2021 წელს შევძელით და წავართვით 10-ზე მეტი ქალაქი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სამართლებრივად უარესობისკენ, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ. ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება, ჯერ ვიმსჯელოთ“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
სიახლეები
- ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა
- “შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვედეთის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი დონორის მხრიდან საქართველოს ე.წ. მთავრობას შეუწყდა ყველანაირი დახმარება” - ზურაბიშვილი
- “ბრძოლა თუ ცხადდება, უნდა მიიღო მონაწილეობა, სტრატეგიული შეცდომაა იმ პარტიების დამუნათება, რომლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას” - კახა გოგოლაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე
- “არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიის მთავარი ფუნქციაა, თვითმმართველობის არჩევნები ახლად შექმნილი პარტიისთვის კი განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა” - თავისუფლების მოედანი
- “საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მრჩევლის ფუნქცია საჯარო სამსახურში იქნება არაანაზღაურებადი სამსახური” - დავით მათიკაშვილი