“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
“პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
გახარია არც ერთ არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებს და სავარაუდოდ, მზადებაც დაწყებული აქვს. გახარიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ემზადებიან ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალურისთვისაც. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ანალიტიკოსები მის გადაწყვეტილებას აფასებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ მას “ძლიერი საქართველოც” შეუერთდეს. “ჩემი აზრით, ის პარტიები, რომლებმაც თავის დროზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ასევე, გამორიცხული არაა “ძლიერმა საქართველომაც” არ თქვას უარი”, - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი.
“ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არც ერთხელ, არც ერთი სიტყვით ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია მომავალში არც ერთი შესაძლო არჩევნებისთვის. ჩვენს ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს არ ვატყუებთ, რადგან პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის, არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ვთვლი, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებენ და ა.შ. ეს საუბარი და მოწოდება იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი მაშინ, თუ მსგავსი მოწოდებების და პოზიციების ავტორები გააგრძელებენ ამას ყველაფერს და იტყვიან, რომ ბოიკოტის პარალელურად რა არის მათი შემოთავაზება, რა არის მათი სცენარი, გეგმა. ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი და ჩვენ არ გვაქვს ჩიხების დრო, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში დავაბრუნოთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მათ, ვისაც დემოკრატიის და ევროპული სტანდარტების დაცვის პრეტენზია აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მე მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, თუ ის დემოკრატიის და ევროპის სტანდარტებს იცავს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თუ ეს არ უნდათ, მაშინ შეიარაღებული აჯანყება უნდა დაიწყოს. აჯანყება თანამედროვე სტანდარტი აღარ არის და ამიტომ თხზავენ რაღაცებს, რომ ვითომ არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს ხელისუფლების აღიარებას და ა.შ. ეს არაღიარება უნდათ იმისათვის, რომ საპროტესტო აქციები შეინარჩუნონ. საპროტესტო აქციები კი სჭირდებათ უცხოელებს, თორემ ჩვენს ოპოზიციას არაფერში უნდა, ამათ მხოლოდ პარლამენტში ყოფნა და პოლიტიკური აქტიურობა სჭირდებათ. ქუჩაში პოლიტიკური აქტიურობით ყველა აქტიურია და კიდევ სამზარეულოში. ეს არაა პოლიტიკა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ნიკა ჩიტაძეს კი გიორგი გახარიას გადაწყვეტილება არასწორად მიაჩნია. “გახარიას გადაწყვეტილება სწორად არ მიმაჩნია, რადგან თუ ის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აცხადებს, რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება არელიგიტიმურია, მაშინ იმ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რომელსაც არალეგიტიმური მთავრობა ნიშნავს. თუმცა, მას თავისი გათვლები აქვს და გარკვეულწილად ემიჯნება სხვა ოპოზიციონერებს. მას თავისი მიზნები აქვს დასახული და სხვებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. თუნდაც ის, რომ “ქართულ ოცნებასთან” ერთად აკრიტიკებს “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ გზით სურს, საკუთარ მხარეს ბევრი ადამიანი გადმოიყვანოს. თუმცა, მაინც მგონია, რომ სუფთა თამაში არაა, როდესაც “ოცნებას” და “ნაცმოძრაობას”ერთ ქვაბში ხარშავს, ვინაიდან, ჩემი აზრით, ამ ორს შორის განსხვავება არსებობს. გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან ის წინასწარ ნიადაგს ამზადებდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“რამაზ საყვარელიძეს უჭირს წინასწარ იმის თქმა, კიდევ ვინ შეიძლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციიდან. “მგონი იაგო ხვიჩიას “გირჩი” აპირებს თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მან ეს ადრეც თქვა და დანარჩენი ოპოზიცია გაბუტვის გამო გააკრიტიკა. ჯერჯერობით ადრეა იმის პროგნოზი, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს სურვილი და მიჭირს თქმა. აი, ხომ ხედავთ, ტრამპი დღეში სამჯერ ცვლის გადაწყვეტილებას. ეს იმიტომ, რომ წინასწარი გეგმები ცხოვრებას არ ემთხვევა”, - თქვა საყვარელიძემ. ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ძირითადად ის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. მათ კი, შესაძლოა კოალიცია “ძლიერი საქართველოც” შეუერთდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩემი აზრით, ის პარტიები, რომლებმაც თავის დროზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. გამორიცხული არაა “ძლიერმა საქართველომაც” არ თქვას უარი, მით უმეტეს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გირაო გადაიხადეს. ანუ, გარკვეულწილად, ამ ხელისუფლებასთან რაღაც კონტაქტში იმყოფებიან. უფრო ნათლად ჩანს, რომ “ნაცმოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას”, - თვლის ჩიტაძე და შეკითხვაზე - “ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე რამდენად მისაღებია ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობა?” - პასუხობს:
„ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობა მომგებიანი არ იქნება. ამის პირველი მიზეზი არის დღევანდელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და მოგეხსენებათ, როგორიცაა; და მეორეც, ოპოზიციას ახლა არ გააჩნია ფინანსები, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოოს. თუ არჩევნებში ჩაერთვებიან, ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აღიარებენ”...
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"