კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ „ქართული ოცნება“ PACE-ში მუშაობას წყვეტს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.
ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ გამოაცხადეს სტრასბურგიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.
მათი განცხადება „იმედის“ საგანგებო ეთერში გადაიცა თბილისის დროით 22:18 საათზე.
მცირე ხნით ადრე PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ამასთან, PACE-მ დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნო, - არაერთი დათქმით, - და განაცხადა, რომ ამ საკითხს 2025 წლის აპრილში განსახილველად კვლავ დაუბრუნდება.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მისთვის არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან „უსამართლო და საფუძველსმოკლებულია“.
წულუკიანმა „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა დათქმას ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე და თქვა, რომ ეს „სცდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“.
„ჩვენი მხირდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და საზოგადოების დიდი უმრავლსობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა“, - განაცხადა მან.
სწორედ მან წაიკითხა „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილება: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში“.
ამავე დროს, თეა წულუკიანმა დააზუსტად, რომ „საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად“.
თეა წულუკიანმა ახსენა „ზეწოლა“ და „ოფიციალურ პირებს უკან მდგარი ძალები“, რომლებსაც, მისი თქმით, „ანტიქართული ნაბიჯები“ სურთ ხელისუფლებისგან:
„საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარალენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვტილების მიმღები თითოეული ოფიციალური თუ არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგარი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს“, - თქვა მან.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა