"თუ სანქციების გამო რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს"- კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო აანაზღაურებს „ფინანსურ დანაკლისს“, რომელიც საქართველოს იმ მაღალჩინოსნებს შეიძლება მიადგეთ, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის გამო საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდნენ.
„თუკი რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის კანცელარიაში.
მან ასევე თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ხელისუფლება გეგმავს, „ღირსების ორდენზე წარვადგინოთ“ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ის კიდევ 10 მაღალჩინოსანი, - მათ შორის სანქცირებული პირები.
რამდენიმე საათით ადრე გომელაური ვიცე-პრემიერად დაინიშნა ირაკლი კობახიძის ბრძანებით. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა გომელაურის სანქცირების შემდეგ მიიღო.
გუშინ, 19 დეკემბერს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანეს, როგორც მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო პასუხისმგებელი პირები.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.
სანქცირებული არიან:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
სიახლეები
- “გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში” - შალვა პაპუაშვილი
- “პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ - სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები - ბრძოლა ბოლომდე!” - გიორგი ახობაძე
- რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ცემენტმზიდი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
- “მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა” - გიორგი გახარია
- „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს