დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო - სახალხო დამცველი
დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სახალხო დამცველი შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს.
„სახალხო დამცველი ეხმიანება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიმართვას, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე და საჯარო მოხელეებს ამ უფლებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლება აქვთ. საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობას და საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეახსენებს, რომ დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს, ხოლო მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობებს საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
