" ეს არის შანტაჟისა და მუქარის ენა - სანქციების დაწესების არავის ეშინია, თუმცა ეს არ არის სწორი დამოკიდებულება" - კახა კალაძე სანქციებზე
ეს არის უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.
კალაძის შეფასებით, სანქციების დაწესების არავის ეშინია, თუმცა ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.
"არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მართლა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღია არის, არავინ შეზღუდული არ არის ამ მიმართულებით, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის ეშინია ამ სანქციების და არანაირი პრობლემა არ იქნება ამ თვალსაზრისით, თუმცა წარმოუდგენელია ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული რის გამო? იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს მის ქვეყანაში, რისი პირდაპირი ვალდებულებაც არის. ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები? წარმოუდგენელი მგონია ეს ყველაფერი, თუმცა ისეთი უსამართლობა ხდება დღეს მსოფლიოში, გასაკვირი არაფერი იქნება", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, Politico-ს სცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ. გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“. კანონპროექტის თანახმად, თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას მაშინ, როცა ზრდის კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.
Politico-ს ინფორმაციით, კანონპროექტს კონგრესს „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. მისი პირობები ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, აცნობონ კონგრესს „საქართველოში არსებული არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის კვანძების შესახებ“, ასევე რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს