"ჩვენ შევძლებთ, დავიცვათ ევროპული პერსპექტივა ქუჩებში თუნდაც გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით" - ნიკა გვარამია
ბედნიერება რომ ვიპოვოთ ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნება“ აღარ უნდა იყოს ხელისუფლებაში, დღეს „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „ახალი“ გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია „ახალი“ გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი. ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში, ევროკავშირში. დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ დროს და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად“, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ევროპული პერსპექტივა.
„მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქუჩებში თუნდაც გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით, დაწესებულებებში და ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩვენ ეს შეგვიძლია. მივმართავ ქართულ საზოგადოებას, ამ ადამიანების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას აქვს ჩალის ფასი. ნუ ენდობით მათ ნურც ერთ შემთხვევაში, რადგან ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან. ნებისმიერ შემთხვევაში ის არის თავისუფლების მტერი და თავის მიზანს ყოველთვის განახორციელებს. მინდა, მივმართო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი, რადგან ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და იგი არ თმობს თავისუფლებას, არ გვაძლევს თავისუფლებას. ის მას მაინც წაგვართმევს, თუ ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით და თუ თქვენ, ძვირფასო დასავლელო მეგობრებო, ბოლომდე არ მიიყვანთ ქართველ ხალხთან ჩვენს საერთო ცივილიზაციურ ბრძოლას. ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დაუთმობთ „ქართულ ოცნებას“. კვლავ ვიმეორებ, „ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი. იგი ასე იქცევა, რადგან ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოველთვის იქცევა ასე. ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. „ქართული ოცნება“ უნდა შეიცვალოს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. თუ ჩვენ გვინდა, ცივილიზაციის წევრები ვიყოთ, თუ ჩვენ გვინდა თავისუფლება, თუ ჩვენ გვინდა ბედნიერება, ჩვენ უნდა მოვიქცეთ მხოლოდ ასე და ჩვენი პარტიის მიზანი არის ქართველი ერის გაძღოლა წინ, ევროკავშირისკენ და ჩვენ ამას შევძლებთ, ამაში ვართ ღრმად დარწმუნებული“, – განაცხადა გვარამიამ.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა