''ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება''
თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს.
„სანქციებისა და ომის თემაზე დღეს ბევრს არ ვისაუბრებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების მსგავსად, ბუნებრივია, მეც მიწევს რაღაცებს გავუფრთხილდე. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია - ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება. შესაბამისად, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები გუნდმა დამოუკიდებლად და სრული ერთსულოვნებით მიიღო.
გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში, კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ.
ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს. მის ფაქტორზე საუბრისას, ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს.
თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები - სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ. ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება“, - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
