"ეს არის პუტინის მართვის მოდელი" -გიგა ბოკერია
როდესაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მანიპულირებული ციფრებითაც კი 27 პროცენტი მიიღო, უუქმებენ რეგისტრაციას, ეს არის პუტინის რუსეთის მართვის მოდელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
ბოკერიას შეფასებით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები მოწმობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა.
„ჩვენ ახლა ყველამ ვუსმინეთ ივანიშვილის მთავარ პოლიტიკურ კლოუნს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და შეფასება, რომელიც პირველი მომდის თავში მეც და ჩემს ბევრ პარტნიორსაც არის ის, რომ ივანიშვილს მორიგ ჯერზე ნერვებმა უმტყუნა. ამის შედეგია ეს გულწრფელი განცხადებები, რაც მოვისმინეთ კობახიძისიგან, სადაც პირდაპირ ითქვა ის, რაც ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი ამის ღიად თქმას ერიდება ხოლმე, რომ სურთ პოლიტიკური ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, შეიძლება ითქვას, ბოლომდე გაღმა გასვლა. რეჟიმი, სადაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც ცესკო-ს ამ მანიპულირებული ციფრებითაც კი 27 პროცენტი მიიღო, უუქმებენ რეგისტრაციას, ეს არის პუტინის რუსეთის მართვის მოდელი. სწორედ პუტინის რუსეთშია ეს მეთოდი, რეგისტრაციიდან მოხსნა. ის კრიზისი, რომელიც ივანიშვილმა თვითონ შექმნა თავისი უპასუხისგმებლო, მავნებლური და უტიფარი ნაბიჯებით, გასაგები ხდება.
ამ მომენტში პოლიტიკური ბოიკოტის ბოლომდე გაფორმება და პირველად საქართველოს ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტის შექმნა არის კიდევ ერთი და არა ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც მათ ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის მომავალში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სიახლეები
- "ოლიგარქიული გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც თუ გაჩნდა, ე.წ. მეგობარ და სინამდვილეში მტრულ, აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- "მოვუწოდებთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას" - სუს-ი
- "ევროპა თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია" - ირაკლი კობახიძე
- “MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა