"როცა მოწყენილი ვარ..." - "ფეისბუქზე" მოკლული რვა წლის გოგონას წერილი ვრცელდება
"ფეისბუქზე" ვრცელდება სასკოლო რვეულში ჩანაწერი, რომელსაც გარდაცვლილი გოგონას სახელი და გვარი აქვს მიწერილი. წერილი გორის მეხუთე საჯაროს სკოლის მასწავლებელმა ცირა ხუბულურმა გაავრცელა, რომელიც გარდაცვლილი გოგონას პედაგოგია.
8 წლის გოგონა თხზულებაში, სახელად "როცა მოწყენილი ვარ..." გარდაცვლილ ბიძაზე წერს. როგორც ცნობილია, გოგონას დედის ძმა, რომელიც 30 წლამდე ასაკის იყო, ერთი წლის წინ კასპის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
გარდაცვლილი გოგონას პედაგოგი ცირა ხუბულური აღსაზრდელის შესახებ წერს: "რით ვანუგეშოთ დედაშენი? ჩემო უნიჭიერესი გოგო! ბრძენს ვეძახდი, ისეთი აზრები მოსდიოდა ლამაზ თავში, კლასში ლიდერი იყო, ახლაც სკოლაში შეჯიბრი უნდა ყოფილიყო, ტვინების ბრძოლა და ნანიკო კაპიტანი იყო გუნდის! დიდი დანაკლისი განიცადა მე-5 სკოლამ! ყველამ ერთად გამოვიძიოთ და ვიპოვოთ ის არაკაცი!" - წერს პედაგოგი და ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.
მკვლელობის მოტივი უცნობია. შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძეს, რომელიც მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობს, დეტალებზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში კვლავ გრძელდება.
ცნობილია, რომ 8 წლის ნანა ბერიაშვილი გუშინ შუადღისას გაუჩინარდა. გოგონა სკოლიდან სახლში დაბრუნდა და მერე კვლავ სკოლაში, ცეკვის წრეზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ის გზიდან გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირას იპოვეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის