May 22, 2025

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

“ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მარტივდება. დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა 16 მაისს მოაწერა. მთავარი ცვლილება ისაა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებს, სხვა უცხოელებისაგან განსხვავებით, რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა არ მოეთხოვებათ.

რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და რა პოლიტიკური გათვლა აქვს კრემლს? ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რუსეთის პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს.

“მოქალაქეობის მისაღებად ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებმა განაცხადით შს სამინისტროს უნდა მიმართონ. დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება. “მთავრობამ დაადგინოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გაცემის პროცედურა იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილება მიღებულია ამ დადგენილების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მისი გაცემის შესაძლებლობას, მათ შორის, აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე”, - ნათქვამია დოკუმენტში. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე მდებარე რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას რუსეთის შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთს თავისი გეგმები აქვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან. რუსეთის გეგმებში კი ჩადებულია, ვთქვათ, არჩევნები, ეკონომიკა, ტრანსპორტი... ალბათ დღის წესრიგში ეს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღებაც ჰქონდათ. ეს არ არის მთავარი, თუ რატომ მაინცდამაინც ახლა გადადგა ეს ნაბიჯი. როცა საჭიროდ ჩათვალეს, მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება. ტრაგედია ის არის, რომ აფხაზებსა და ოსებს ძალიან უჭირთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება იმის ფონზე, რომ რუსები ამას ამარტივებენ. თქვენ რომ შსს-ში გააკეთოთ განაცხადი და მოითხოვოთ პასუხი, გამოჩნდება რამდენი ადამიანი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას და რამდენს ეუბნებიან უარს. 10-დან 8-ზე უარია. ამ დროს რუსეთი გამარტივებული წესით აძლევს მოქალაქეობას აფხაზებს. რუსები ასევე მათ ხელს უწყობენ მსუბუქად და იოლად რუსულ უნივერსიტეტებში ჩაბარებაში. ჩვენთან კი უაღრესად გართულებულია ეს პროცესი. ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსეთს სჭირდება აფხაზებისა და ოსების მაქსიმალურად ინტეგრირება, რათა ქართულმა მხარემ ვერ მოახდინოს მათი დაინტერესება საქართველოში დაბრუნებით. ის კომისიაც, წულუკიანის კომისიაც, ამაზე მუშაობს - რომ გადააბრალოს ყველაფერი საქართველოს. ერთი სიტყვით, მიდის გამალებული ანექსია ამ ტერიტორიებისა. აფხაზები და ოსები კიდევ უფრო მეტად ჩაერთვებიან რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო მარტივად იმოგზაურებენ, მოახერხებენ იქ ფეხის მოკიდებას, ქონების შეძენას, განათლების მიღებას, სამსახურის წამოწყებას. შესაბამისად, უფრო მეტად ინტეგრირებული იქნებიან რუსეთში, ვიდრე საქართველოში. მომავალში, როცა “ოცნება” აღარ იქნება, როცა საქართველოში მოვა სხვა ძალა, აღმოჩნდება, რომ ეს ხალხი იმდენად გარუსებული და გაუცხოებულია, რომ საქართველოს მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ. ერთ სიტყვით, ისინი უფრო მეტად ინტეგრირებული იქნებიან რუსეთთან”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 131 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.