გიორგი გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეორედ დაიბარეს
ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც წლების წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, კიდევ ერთხელ დაიბარეს სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ამაზე ცნობილი გახდა დღეს, 16 ივნისს.
კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ ლიდერი და გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება. იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ არცერთი სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ ნაბიჯით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავსო“, - თქვა თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას 23 ივნისს კითხვებს დაუსვამენ ოპოზიციაში ყოფნის დროს „საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობის“ შესახებაც.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. მას კითხვები დაუსვეს ოპოზიციაში გადასვლის მიზეზებსა და ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საგუშაგოს გახსნაზე.
კომისია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს რამდენიმე დღის წინ კვლავ დაუბრუნდა. 11 ივნისს სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.
ელგუჯა ხარაზიშვილის მონათხრობით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შემოჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.
ხარაზიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა სოფელი ჩორჩანა საგუშაგოს გახსნამდე და რას ფიქრობენ ჩორჩანელები ახლა.
14 ივნისს კი ამავე საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გახარიას მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. მისი თქმით, „შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ“.
ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაირკვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სიახლეები
- “ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ქმედება დაგმეს და საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს” - კრემლი
- სამარხვო ბლინები
- წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
- “კვლევის მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა; თუ ასეა, საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ადამიანებს რევოლუციის სცენარი არ მოსწონთ” – ვოლსკი
- “ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს, მერე შეგვათრიეს სამმართველოს შენობაში, ოღონდ ჯერ ეზოში დერეფანს მოაწყობდნენ, სადაც 40 ადამიანი იდგა ხელკეტებით და სათითაოდ ყველა გვირტყამდა” - დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე