"პანიკის საფუძველი არ არის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პროცესს სრულად მართავს"
ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება.
„აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და სწორედ ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება - ისე, რომ ამ შემთხვევას, ფაქტობრივად, არ ჰქონია არანაირი შეხება ჩვენს მოქალაქეებთან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ისევე როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს მადლობა უნდა გადავუხადოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის თანმიმდევრულად ხორციელდება.
„პირველი ნაბიჯი გახლდათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა, ამის შემდგომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, ირანიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვაზე და ბოლოს, ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, ირანის მიმართულებით სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზეც. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც გვაძლევს გარანტიას, ვმართოთ ეს პროცესი. ამასთან, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა სრულად თანამშრომლობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ძირითადი რესურსი, ცოდნა და კომპეტენცია გამოყენებულია იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სიახლეები
- "პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება" - მზია ამაღლობელი
- საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები
- "უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში