ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გაუშვეს
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების" უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობაში აღარ იქნება.
ამის შესახებ მედიას აცნობა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა.
რამდენიმე დღის წინ, ერეკლე კუხიანიძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის შესახებ და მათ პროვოკატორები და იდიოტები უწოდა.
„ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ“, - განაცხადა დღეს, 18 დეკემბერს, ბექა დავითულიანმა.
ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეა. უმრავლესობის და კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი საკრებულოს წევრად დარჩება.
ბექა დავითულიანის განმარტებით, ერეკლე კუხიანიძის შემთხვევაში, საკრებულოს წევრის მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი პირადი განცხადება: „შესაბამისად, ჩვენ ამას ვერ ვაიძულებთ, თვითონ თუ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება“.
17 დეკემბერს, თბილისის საკრებულოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია საკრებულოდან კუხიანიძის „გაგდების“ მოთხოვნით.
სიახლეები
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს