ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სიტუაციის გამწვავება სრულებით მიუღებელია. ასევე, მიუღებელია სამხრეთ ოსეთის მხრიდან არასწორი ფაქტების გავრცელება, რაც მხოლოდ ამწვავებს სიტუაციას, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკავშირი ყველა შესაბამის აქტორს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯის ან განცხადებისგან, რამაც შეიძლება ვითარება გაამწვავოს. ამის ნაცვლად, ინტენსიურად უნდა იქნას გამოყენებული ინციდენტების თავიდან აცილებისა და გამოსავლის მოძებნის მექანიზმები, ისეთი, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ერგნეთში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. ამის გარდა, სექტემბრის დასაწყისში დახურული გამშვები პუნქტები უნდა გაიხსნას შეფერხების გარეშე. ეს ყველაფერი წარმოადგენს საუკეთესო გზას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო წარმოადგენლობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების სტაბილიზაციისათვის.
განცხადების მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან ევროკავშირის მისიის მუშაობის შეჩერებისა და მანდატის შეზღუდვის მცდელობები სავალალოა და უნდა შეწყდეს.
„ევროკავშირი ბოლომდე ერთგულია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხისადმი და კიდევ ერთხელ გამოხატავს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
