მამუკა ხაზარაძე სამოქალაქო მოძრაობას აფუძნებს
TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე facebook-ზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სექტემბერში ის საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.
ხაზარაძე წერს, რომ დღეს საქართველოში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია არსებობდეს ახალი გამაერთიანებელი ძალა, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და ქვეყანაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.
მამუკა ხაზარაძის განცხადება:
"მეგობრებო,
ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი.
20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება.
თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს.
სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.
გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი."
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა