ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე და შეფასებები - რა მნიშვნელობისაა დოკუმენტი

“ევროპარლამეტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, მთავარი მომხსენებელი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეა და პროექტში აქცენტი ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაკეთდა.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ანგარიში მნიშვნელოვანია, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ამას “ნული ძალა აქვს”. პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ “საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა”. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნება” ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ “სისტემატურ კამპანიას აგრძელებს”. “ოცნებაში” ანარიშის შეფასებისას ამბობენ, რომ მტრები საქართველოს ნგრევას უქადიან. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ არაფერია ახალი იმაში, რაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში განსახილველად წარდგენილ ანგარიშში წერია და ის ქართულ რეალობას ასახავს. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ანგარიშში მოულოდნელი არაფერია, ხოლო ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრითა, ეს მნიშვნელოვანი ანგარიშია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე და შეფასებები - რა მნიშვნელობისაა დოკუმენტი.

“რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროპული გზა არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ საპირისპიროთი შეცვალა, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით კი უკუსვლა დაფიქსირდა. “ამ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული მიზნობრივი სანქციების დაწესების მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივ დევნაზე”, - აღნიშნა მან. ევროპარლამენტარმა, ბერნარდ გეტამ განაცხადა, რომ “ვითარებას ობიექტურად უნდა შევხედოთ. საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან”. ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ევროკავშირს “ჯერ კიდევ იმედს აძლევს, ეს ქართველი ხალხია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ “ქართული ოცნების” - არა”. კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ნანო სანჩეს ამორი თვლის, რომ “საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად ოპოზიციურმა ძალებმა მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი უნდა შესთავაზონ - აქ დახმარების ვალდებულება გვაქვს, რათა პარტიებმა ურთიერთგაგებას მიაღწიონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოულოდნელი არაფერია და არც სიურპრიზი არაა. ქალბატონი იუკნევიჩიანე საქართველოსთვის სრულიად ანტისახელმწიფოებრივი პოზიციითაა ცნობილი. შეიძლება ის უფრო “ნაცია”, ვიდრე ზოგიერთი “ნაცი”, რომელიც ამ პარტიაშია. ის არც ცილისწამებას მოერიდა, არც ჩამოსვლას და პარლამენტთან ყვირილს - ასეთი ადამიანისგან სხვას რას უნდა ელოდე? მთლიანად ევროპარლამენტში ჯერ ვითარება ასეთია. შვეიცარიის წარმომადგენელმა ეუთო-ს კომისიის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე ვიყავი მეთვალყურე, ეს იყო შესანიშნავი არჩევნები, არაფერი არ გაყალბებულა, მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს არ აწყობდათ, რომ ეს ძალა ხელისუფლებაში დარჩა, ცილისწამება ატყდაო. ამ ანგარიშს ნული ძალა აქვს... პოლონელმა ევროპარლამენტარმაც თქვა, რომ როდის შემდეგ გახდა “ბი-ბი-სი” ქიმიური იარაღის ექსპერტიო? ეს არის ძვირფასი. მიუხედავად მეინსტრიმისა, ასე იწყება და ჯანსაღი აზრი უკვე ჩნდება. ეს საღი აზრი ევროპარლამენტშიც გაჩნდა, ზოგ სახელმწიფოებშიც არის და უფრო და უფრო იკვლევს გზას, მომავალი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, უბრალოდ დრო უნდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“სხვა დოკუმენტების მსგავსად, ეს მნიშვნელოვანი ანგარიშია, რადგან კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა ევროკავშირის დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლება იმიტომ არ ანიჭებს მნიშვნელობას, რომ დოკუმენტს არასავალდებულო სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია და ამიტომაც ამაყად აცხადებენ. თუმცაღა ასეთი დოკუმენტები არის ხოლმე საწყისი შემდგომი უფრო მძიმე ნაბიჯებისა. თუ რაღაც რეალური სანქციები ამოქმედდა, როგორც “იმედსა” და “პოსტივის” შემთხვევაში მოხდა, ხელისუფლებას ეს უფრო გულზე მოხვდება... რაც შეეხება პოლონელი გჟეგოჟ ბრაუნის განცხადებას, მან გასული წლის მაისში პოლონეთის მრეწველობის სამინისტროში ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები უმცირესობაში, სადაც რუსული ლობი მუშაობს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ აწყობს იმის თქმა, რომ ასეთი ევროპარლამენტარები უმცირესობაში არიან, რადგან მისი კომენტარი არგუმენტად მოჰყავთ. თუმცაღა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს ის ევროპარლამენტარია, რომელმაც ევროკავშირის დროშა ფეხქვეშ გათელა და შემდეგ დაწვა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 141 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.