"თუ რამე კეთდება, ყველაფერი სტუდენტების სასარგებლოდ კეთდება" - გია ვოლსკი
აქციები, სამწუხაროდ, ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ ფაქტია, რომ ან ინფორმაცია არ აქვთ ან უარესის მოლოდინი აქვთ, რაც უსაფუძვლოა - ამაში სტუდენტების მონაწილეობა საერთოდ ანომალიური თემაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან განათლების რეფორმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ რაიმე კეთდება, ყველაფერი სტუდენტების სასარგებლოდაა.
„აქციები სამწუხაროდ, ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ ფაქტია, რომ ან ინფორმაცია არ აქვთ ან უარესის მოლოდინი აქვთ, რაც უსაფუძვლოა. ამაში სტუდენტების მონაწილეობა საერთოდ ანომალიური თემაა. თუ რაიმე კეთდება, ყველაფერი სტუდენტების სასარგებლოდ კეთდება - გინდ დაფინანსება და გინდ ის რესურსი, რომელიც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად უნდა იქნეს გამოყენებული. სტუდენტების ჩართულობა გარკვეულ თემებთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულია, მითუმეტეს, თუ ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახიდან წამოსული სტუდენტები უდგანან სათავეში”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკიმ ისაუბრა ზოგადად, განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სექტემბრიდან სწავლა უფასო იქნება და მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი შემოსავალი გაიზრდება, მაგრამ ამასთანავე, მაქსიმალურად გაიზრდება მოთხოვნა ხარისხთან დაკავშირებით.
„არსებობენ ადამიანები, მათ შორის პროფესურა, ინტელექტუალური საზოგადოება, რომელიც ფიქრობს, რომ გაერთიანება საჭიროა, ვინაიდან უნდა მოხდეს ფაკულტეტების რაციონალიზაცია, დარგების მიხედვით ჩამოყალიბება და ძალისხმევის გაერთიანება, ანუ ორი უმაღლესი სასწავლებლის სინერგია. ეს ასევე გულისხმობს პედაგოგიური შემადგენლობის გაერთიანებას და გარკვეულ სპეციალობებზე კონცენტრაციას.
ვფიქრობთ, რომ სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სექტემბრიდან სწავლა უფასო იქნება და მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი შემოსავალი გაიზრდება, მაგრამ მაქსიმალურად გაიზრდება მოთხოვნა ხარისხთან დაკავშირებით. ემოციური თემა - რაც მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიას შეეხება, ეს ისტორია არ დაიკარგება და სხვადასხვა ფორმით დარჩება.
ასევე, ვინც ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, არანაირი დამატებითი მოთხოვნები არ იქნება მათ მიმართ. მაგალითად ის, რომ მესამე კურსის სტუდენტი პირველი კურსის საგნების სასწავლებლად დაბრუნდეს. ასეთი ინფორმაცია სიმართლე არ არის. მეორე, მესამე, მეოთხე კურსელები ვინც არიან, სადაც ჩააბარეს იმის დიპლომს აიღებენ, მთავარია კარგად ისწავლონ.
ასევე შრომითი ბაზრის შეფასებაა საჭირო, რომელიც გვიჩვენებს იმას, რომ ის სპეციალობები, რომელიც ქვეყანას სჭირდება, უფრო ნაკლებად ისწავლება, ვიდრე მოთხოვნაა მათზე. ტექნიკურ უნივერსიტეტში უფრო ნაკლები ტექნიკური საგნები ისწავლება, ვიდრე ჰუმანიტარული და სადაც ჰუმანიტარული საგნები გაძლიერებული პროგრამებით უნდა ისწავლებოდეს, იქ ტექნიკური საგნებია შემოსული. გაერთიანება ამ პრობლემას მოხსნის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
