“უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას, მათთვის პრობლემა არ არის თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით ჩანაცვლება” - ბიძინა ივანიშვილი
გარე მტრების დასაყრდენი აგენტები ქვეყნის შიგნით ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას ეხმაურება.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს.
„ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია, გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ. ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას. მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ. დღეს ჩვენი საზოგადოება გულისყურით უსმენს იდეებსა და აზრებს, ხოლო ანალიზის საფუძველზე ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს, რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს!“- აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის განცხადებასაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
სიახლეები
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
