“ქვეყანა, რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს” - ირაკლი კობახიძე
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს აქვს ღრმა ეროვნული და სიმბოლური დატვირთვა – დღეს, ვხსნით ჩვენი გამორჩეული მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს, საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რამხელა წვლილი აქვს შეტანილი ერეკლე მეორეს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერეკლე მეორე იყო პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო და ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივის მიგება საქართველოს ამ გამორჩეული მეფისთვის.
„სწორედ, ერეკლე მეორის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული აქვს თავისი რელიგიური და ეროვნული იდენტობა. სწორედ, ერეკლე მეორის სიბრძნემ მოგვცა ჩვენ ამის შესაძლებლობა და ამისათვის ჩვენ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გამორჩეულ მეფეს – დღევანდელი დღე, სწორედ, ამის გამოხატულებაა. ის არის პატრიოტიზმის ნამდვილი სიმბოლო, პრაგმატულობის, პრაგმატიზმის, სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლო და მან მოგვცა მაგალითი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიხელმძღვანელოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა იყო სათანადო პატივის მიგება ჩვენს დედაქალაქში ერეკლე მეორისთვის, ჩვენი გამორჩეულად საყვარელი მეფისთვის და ამ ძეგლის გახსნა არის, რა თქმა უნდა, ამ პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულება. ეს არის ძეგლი, რომელიც გამორჩეული ქართველი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი და ეს ძეგლი დაამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. ასევე მინდა, მოგილოცოთ განახლებული სკვერის გახსნა, გამწვანებული სივრცის გახსნა, ყველას გახსოვთ, რომ ფუნქცია ჰქონდა დაკარგული ამ სივრცეს და ეს სკვერი იქცევა დასვენების ადგილად ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, არამხოლოდ ამ უბნის მცხოვრებლებისთვის, არამედ ყველა თბილისელისთვის. ვფიქრობ, ეს სივრცე, ერეკლე მეორის ძეგლით, იქნება ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფესვებს. ქვეყანა, რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს. ჩვენს დედაქალაქს სჭირდება შემდგომი გალამაზება, გამწვანება, განვითარება და დღევანდელი დღეც არის ზუსტად დედაქალაქზე ზრუნვის გამოხატულება და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თბილისის მერს, კახა კალაძეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ერეკლე მეორის ძეგლი იქნება კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ჩვენს ფესვებსა და ისტორიას,”- განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- სუს-მა, 4 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, B.P. TRANS-ის დირექტორი, კომპანიის თანამშრომელი და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავა
- თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ორი სადგური აშენდება
- “მოლოტოვის კოქტეილის” კამპანია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა; ქართულ საზოგადოებას დღემდე არ მოგვისმენია ამ მავნე კამპანიის დაგმობა ან თუნდაც მისგან გამიჯვნა” – პაპუაშვილი
- “როგორც ჩანს, უკრაინაში ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება” - ტრამპი
- “პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური „კუკლაა“ ისეთი ერთობების ასარევად, სადაც ბელადი და ფულის ტომარა ძალაუფლების წყარო/ყურადღების ცენტრში არ არიან” – ჩერგოლეიშვილი