“საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რა არის საქართველოში ცვლილებების მიღწევის ყველაზე სავარაუდო სცენარი, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ორი სცენარი არსებობს.
„მხოლოდ ორი სცენარი არსებობს, რომლებიც ჩვენ ვიცით: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ. კიდევ ერთ ალტერნატივას რაიმე ფორმით ამბოხება წარმოადენს, თუმცა ეს საქართველოს ტრადიციების ნაწილი არ არის. მაგრამ, გარკვეული სახის წინააღმდეგობა უნდა იყოს და წინააღმდეგობა გარედან უკეთ მხარდაჭერილი უნდა იყოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, „პარტნიორებმა უკეთ უნდა გაიგონ ის, თუ რა ხდება საქართველოში“.
„ჩვენ რუსეთს ვებრძვით, რომელიც საქართველოს ჰიბრიდული საშუალებებით და რბილი ძალის მეშვეობით ებრძვის. ვფიქრობ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები უნდა ღელავდნენ იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი ცდის, თუ რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალის მეშვეობით“, - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რა სურს, რომ აშშ-მა გააკეთოს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „პრობლემა ის არის, რომ ძალიან დაგვიანდა“.
„ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციების შესახებ საუბრობდა, ერთგვარად ხალხი ამას მიაჩვია, თუმცა ბოლო დღემდე არ იმოქმედა. საქართველოში სანქციები მუშაობს, რადგან ეს პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს. სანქციები მეორე დონეზე მუშაობს, გარკვეულწილად, შეიძლება პირველ დონესაც შეეხოს, არა? ეს ბიძინა ივანიშვილზე არ იმუშავებს. სანქციები არ შეიძლება მხოლოდ ერთი საშუალება იყოს, თანაც თუ ამის შესახებ საუბრობ, მაშინ უნდა გამოიყენო კიდეც, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცარიელი მუქარა ხდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე, მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების ნაკლებობაა.
„განცხადებების ნაკლებობაა, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ეს მიუღებელია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთისკენ მიდის. საქართველოს არასტაბილურობა და რუსეთის სფეროში დაბრუნება, ნიშნავს იმას, რომ ეს აზერბაიჯანს, სომხეთს, სატრანზიტო ზონებს და ზოგადად, კავკასიის როლს საფრთხეს უქმნის. კონგრესმენებისთვის ჩემი გზავნილია, რომ საქართველოს ყურადღება სჭირდება, რადგან რეგიონში ამერიკის ინტერესები სასწორზე დევს. ამერიკა და ევროპა საქართველოს რუსეთს უთმობენ, ისე რომ რაიმეს გაკეთებასაც კი არ ცდილობენ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
