September 13, 2025

არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა

“არჩევნებამდე 1 თვით ადრე ვითარება მუდმივად იძაბება, რასაც თან ძალადობრივი ქმედებებიც ახლავს, მელიქიშვილის გამზირი უკვე მე-3 დღეა დაპირისპირების მთავარ ეპიცენტრად იქცა. რატომ იძაბება ვითარება, რა რისკები ახლავს თან ძალადობრივ ქმედებებს და სადამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება. მოქალაქეები თბილისის მერის, კახა კალაძის შტაბთან მას შემდეგ იკრიბებიან, რაც შტაბის გახსნის დღეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ასევე, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერები აქტიურად აცხადებენ, რომ პროტესტის მთავარი კერა მელიქიშვილის გამზირი უნდა იყოს, მათივე თქმით ის უნდა გახდეს პროტესტის სიმბოლო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა.

 

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ძალადობრივ ქმედებებს ხელისუფლება ახალისებს და საუბრობს მიმდინარე პროცესებსა და იმ სცენარზე, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში გათამაშდეს. “ჩემი აზრით, რაც შეეხება ძალადობრივ ქმედებებს, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს მცდელობა წაახალისოს ძალადობა, როგორც ტიტუშკების მეშვეობით და არა მარტო თბილისში, არამედ პოლიციის მხრიდანაც. ეს შეიძლება შეეხოს, მაგალითად, 4 ოქტომბრის აქციას, სადაც შესაძლებელია სპეცრაზმის მობილიზება და რეზინის ტყვიების გამოყენებაც კი. შესაძლებელია, ხელისუფლებამ კვლავ გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც ატარებდა, მაგალითად, 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა რამდენიმე დღე ხდებოდა დემონსტრაციების დარღვევა. შესაძლებელია ლიდერების დაფიქსირება, მათ ამოცნობა და ფიზიკური დაპირისპირება, თუნდაც სატელეფონო ზარებით მათი შეშინების მცდელობებიც ვნახოთ. აქამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება”, - ამბობს ჩიტაძე, რომლის თქმით, “ხელისუფლებას ბევრი აქვს დასაკარგი და ყველაფერს გააკეთებს ბოლომდე შეინარჩუნოს ძალაუფლება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დაპირპირებას ოპოზიციური ძალები აღვივებენ. “ბოლო დღეებში მართლაც საგრძნობლად დაიძაბა ვითარება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ “ოცნების” აქტივისტები წლებია არასდროს მიდიან ჯგუფურად და ორგანიზებულად ოპოზიციის შტაბებთან და არ იქცევიან ისე, რასაც ვხედავთ მელიქიშვილის გამზირზე. ამიტომაც იმის მტკიცება, რომ “ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ რადიკალების აქტივისტებს, არის ტოტალური ტყუილი. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ძალადობის პროვოცირება კიდევ უფრო მიუღებელია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას, სურს ტემპერატურა აწიოს, დაძაბულობა გამოიწვიოს და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ რაღაც ნაბიჯები გადადგას”, - თვლის აბაშიძე, რომლის აზრით, “სხვა არაფერი აქვს დღის წესრიგში”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“შევხედოთ ბოლო დღეებს: რაიმე კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნა ჰქონდათ, გარდა უშვერი სიტყვებისა და შეძახილებისა “რუსებო!” გაეკეთებინათ? მათ შორის - გინებები ქალებისგან. შესაბამისად, 4 ოქტომბრამდე მაქსიმალურად გაგრძელდება რადიკალების მხრიდან ვითომ ხალხში ტემპერატურის აწევა, ვითომ “ოცნება” ჩამოშლილია, გარბიან და ა.შ. თუმცა, ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც ვნახეთ წინა არჩევნებზე - ეს არის ფარსი, და ამ ფარსში ჩართული და ჩათრეული კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობის ადამიანები არიან... 13 სექტემბრის “საკრალური დღეც” ისეთივე იქნება, როგორიც ვნახეთ გაზაფხულზე. ცრუ მოლოდინებს ქმნიან, ამტკიცებენ, რომ რაღაც გადაწყდება, თუმცა რადიკალების სასარგებლოდ არაფერი წყდება. “ოცნების” მხარდამჭერები - თუნდაც “ოცნების” მოწინააღმდეგეები, მაგრამ ამავე დროს ნაცმოძრაობისადმი ნეგატიურად განწყობილები - არ მივლენ 13 სექტემბრის ჩასაშლელად და არც სხვა შემდგომ შეკრებებში დესტრუქციის შესატანად. ყველაფერი მოდის რადიკალური ნაცოპოზიციისგან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

 

“შეეშვან ამ მელიქიშვილის გამზირს. გუშინ მოხდა კანონდარღვევის არაერთი შემთხვევა - ნიღბიანების გაჩენა, “ოცნების” ბანერებისა და სხვა ნივთების დაზიანება. ამაზე არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, და უკვე გამოვლენილ დამნაშავეებს ნუ შერაცხავენ “სინდისის პატიმრებად”, აცხადებს აბაშიძე. ნიკა ჩიტაძის აზრით კი, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროცესები 13 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს უმეტეს ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში. ”13 სექტემბრის აქცია უფრო მასშტაბური იქნება. ჯერ მელიქიშვილის გამზირზე, შემდეგ რუსთაველზე. ამიტომ ვფიქრობ, უახლოეს თვეებში პროტესტში გარდატეხა გარდაუვალია”, - ასკვნის ჩიტაძე. ენმ-ში აქტიურად საუბრობენ მელიქიშვილის გამზირზე ბოლო რამდნეიმე დღის მანძილზე არსებულ დაპირისპირებაზე, აანონსებენ რომ 4 ოქტომბერს უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში”, - დასძენს გამოცემა.

 

“ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოყოლებული “ტიტუშკებს” იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის. გახსოვთ, ალბათ, კორცხელში ე.წ. სპორტსმენებმა იძალადეს ადამიანებზე და უმოწყალოდ სცემეს. მას შემდეგ ყოველთვის გასდიოდა ამგვარი ძალადობის გამოვლინება. გუშინაც ვნახეთ “ტიტუშკები” სამარცხვინოდ როგორ უპირისპირდებოდნენ მათ შორის ქალებს, როგორ ესროდნენ მყარ საგნებს. ეს არის რეალურად მათი სახე. ჩაგრული, ძალადობის მსხვერპლი, დაკნინებული პოლიცია არა თუ საქართველოს მოქალაქეს, საკუთარ თავსაც ვერ იცავს “რუსქოცური ტიტუშკების” წინააღმდეგ”, - თქვა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ. მელიქიშვილის გამზირზე ბოლო დღეების მანძილზე მომხდარ დაპირპრიებას გამოეხმაურა ამავე პარტიის წევრი ლაშა ფარულავაც. “ვიხილეთ ქალებზე, ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე ძალადობა. ამ ყველაფერს, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა პოლიცია. პოლიცია ორკესტრის არა მხოლოდ ნაწილი იყო, არამედ დირიჟორი იყო იმ ძალადობის, რომელიც მელიქიშვილზე ვიხილეთ. სწორედ გუშინ, ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა იმისთვის, რომ პასუხი გაეცათ კახი კალაძისთვის”- განაცხადა ფარულავამ, რომელიც მიიჩნევს, რომ “ეს იყო კახი კალაძისადმი თბილისელების პასუხი იმ ძალადობისთვის, რომელიც პოლიციასთან ერთად მოაწყო”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“კახა კალაძის აზრით, მის საარჩევნო შტაბთან “ძალადობრივი ორგანიზებული დაჯგუფება იკრიბება, რომლის მიზანი საარჩევნო კამპანიის პროცესში დაძაბულობის შეტანაა”. “მოძალადე დაჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ქმედებებს შესაბამისს პასუხს გასცემს. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - შეიკრიბება 30 “აკაცუკი”, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის”, - განაცხადა კალაძემ, რომლის თქმით, “მერე უკვირთ “ქართულ ოცნებას” და პირადაც მე ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა რატომ გვაქვს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 56 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.