“ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით

ენმ 4 ოქტომბრის აქციისათვის ნიადაგს ამზადებს - პერიოდულად პარტიის ლიდერების მიერ კეთდება განცხადებები ამ თარიღთან დაკავშირებით და პარალელურად სოციალურ ქსელში ატარებენ გამოკითხვას.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს არა რეალური მოქმედება, არამედ აქტივობის იმიტაციაა. მათი ნაწილის აზრით, ენმ აცნობიერებს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადებით შეცდომა დაუშვა და ახლა არჩევნების დღეს აქციის ორგანიზებით ცდილობს ამ შეცდომის გამოსწორებას. “ჩემი აზრით, არავითარი ფაქტორი იმისა, რომ ადამიანი ქუჩაში გამოვიდეს, მით უმეტეს მათ დაძახილზე, არ არსებობს. მხოლოდ ფინანსური რესურსით თუ შეძლებენ გამოყვანას”, - განაცხადა ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის ბოიკოტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამით რეალურ შედეგზე ვერ გავლენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით.

 

“ეს სერიოზული დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის და “ქართული ოცნებისთვის” საჩუქარია. ასეთი ძლიერი “ოცნება” არასდროს ყოფილა. სააკაშვილის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, ასეთი გაფარჩაკებული ოპოზიცია არასდროს ყოფილა. რაც მან ადრე სხვაზე თქვა, ახლა მის პარტიას დაემართა. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი მოხდება”, - თვლის ზაქარეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კი ხალხს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში გავიდნენ. “ჩვენ 4 ოქტომბერს არავის არ მოვუწოდებთ საარჩევნო უბნებზე მივიდნენ, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიონ, თუ როგორ მოიქცნენ. ერთია ის, რომ მივიდნენ ე.წ. საარჩევნო უბანთან და მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. მეორე, ჩათვალონ, რომ მათი საქმე არ არის და იყვნენ სახლში, ან წავიდნენ მეგობრებთან ერთად ან მუზეუმში. მესამე გზა არის ის, რომ გავიდნენ ქუჩაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შეხვდეთ ქუჩაში. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი”, - განაცხადა სანიკიძემ. ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ “ოცნებამ” უკვე მოიგო ეს არჩევნები, რაშიც “ნაცმოძრაობამ” ხელი შეუწყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“4 ოქტომბერს ყველაფერი დასრულებული იქნება. ანუ, ჩატარდება არჩევნები. ვინც წამსვლელია არჩევნებზე, მშვიდად და წყნარად მივლენ და ხმას მისცემენ. ამის პარალელურად ალბათ, “ნაცმოძრაობა” რუსთაველზე თავის მომხრეებს გამოიყვანს. სავარაუდოდ, ბევრი ხალხი იქნება, მაგრამ ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. არჩევნების შედეგები უკვე შედგა - ეს არის ის, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობს. ეს სერიოზული დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის და “ოცნებისთვის” საჩუქარია... 4 ოქტომბრის აქციით “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინდოს და თავისი უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი შეცდომა რაღაცნაირად გამოასწოროს, თუმცა უკვე გვიანია. მათ არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაცია არ გაიარეს და შესაბამისად, მიიღეს ის, რომ საქართველო მრავალი წლით დააზიანეს. ეს მათ სინდისზეა. ამიტომ ახლა უნდათ, რომ თავიანთი სინდისის წინაშე მართლები იყვნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ჩაივლის 4 ოქტომბერი და 10-ში უკვე არავის ემახსოვრება ეს ყველაფერი. საქართველოში დაისადგურებს მშვიდი, წყნარი ავტორიტარიზმი, რომელიც იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც არის ყაზახეთში, ყირგიზეთში და ა.შ. მსოფლიო საქართველოს სცნობს როგორც ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ ნიმუშს, მეტი არაფერი. ეს იქნება “ნაცმოძრაობის" სინდისზე”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი. პეტრე მამრაძის აზრით, დღეს არ არის საქართველოში ისეთი სიტუაცია, რომ ხალხმა საკუთარი ნებით გადაწყვიტოს ქუჩაში გამოსვლა. ამიტომ არც ის ელოდება 4 ოქტომბერს დიდ აქციას. “თავისი საორგანიზაციო და ფინანსური რესურსის მეშვეობით, მათ შეუძლიათ ცოტა ხნით, ერთჯერადად შეკრიბონ, ვთქვათ, 2 ათასი კაცი. მერე ამაზე ააგებენ, რომ აი, ხალხი ჩვენთან არის. თუმცაღა 2 ათასი კაცი მილიონნახევრიანი ქალაქისთვის სტატისტიკურად ნულის ტოლფასია, თანაც, როცა მხოლოდ და მხოლოდ საორგანიზაციო და ფინანსური რესურსის დახარჯვით არის შეგროვებული”, - ამბობს მამრაძე, თუმცა არ გამორიცხავს, “რომ ამდენი ადამიანიც არ გამოიყვანონ და ჩათვალონ, რომ ამაზე ფულის დახარჯვა არ ღირს”, - დასძენს გამოცემა.

 

“სავარაუდოდ, ასეთი რაღაც მოხდება, თორემ აქტიურობის იმიტაცია სულ იქნება - განცხადებები, ცილისწამებები, მოწოდებები და ა.შ. ჩემი აზრით, არავითარი ფაქტორი იმისა, რომ ადამიანი ქუჩაში გამოვიდეს, მით უმეტეს მათ დაძახილზე, არ არსებობს. მხოლოდ ფინანსური რესურსით თუ შეძლებენ გამოყვანას. სოციალური და ეკონომიკური მდგომარება საქართველოში ისეთია, რომ არანაირი რეალური ფაქტორი, რის გამოც ადამიანები მზად არიან გამოვიდნენ ქუჩაში იმის იმედით, რომ ხელისუფლება შეიცვლება და ცხოვრება უკეთესობისკენ წავა, არ არსებობს. საქართველოში ხმას აძლევენ და მიჰყვებიან ბელადებს და არა პროგრამებს. განა შემთხვევითია, რომ კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობაში” არავინ გამოჩნდა, ვისაც აქვს ქარიზმა, ნდობა და მასების მოლიზების უნარი? ესე იგი არ არის მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე

წაკითხვა 81 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.