August 20, 2025

“ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს” - შალვა პაპუაშვილი

,,ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. თუმცა, სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა”,- ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს.

 

,,ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი.

 

თუმცა, სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდლის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე. წინდახედულობამ და არა სულსწრაფობამ გამოგვატარა ქართველ ხალხს ათასწლეულები.

 

დღევანდელ შეშლილ სამყაროში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს.

 

ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლობიანი ძალა. ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.

 

ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ქარიშხალში შეყვანა.

 

ამიტომ, კიდევ ერთხელ ავხსნი. თუ გინდა, რომ იყო მშვიდობის პროექტი:

 

▪️გაგანია ომისას, არ უნდა მოითხოვო სამ ომ გამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
▪️არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
▪️არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
▪️არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრიუსელმა გააკეთა,
▪️არ უნდა აფათურო, უშნოდ, ხელები ქართველების ათასწლეულებ გამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა.

 

თითქოს რა მარტივია სათქმელად და რა რთული ყოფილა გასაკეთებლად, იმიტომ რომ ამას პროპაგანდისტულად დახატული ევროპელობა არ ჰყოფნის, ჭეშმარიტი ევროპელობა სჭირდება, ანუ კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე და თავშეკავება.

 

ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს 75 წლის წინათ გააჩნდათ”,- წერს პაპუაშვილი.

წაკითხვა 175 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 20 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.